კანონის ამოქმედების შემთხვევისთვის დავიწყეთ EU-ს შესაფერისი პასუხების განხილვა – ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ევროკავშირის მხრიდან „შესაფერისი პასუხები“ განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოში რუსული კანონი ამოქმედდება.

ამის შესახებ მან დღეს, 27 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ევროკავშირის საპასუხო რეაქცია, მომდევნო თვეში დაგეგმილ საგარეო
საქმეთა მინისტერიალზე მიიღებენ.

„ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არცთუ ისე სამწუხარო და არცთუ ისე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და ამ დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს.

კანონის ამოქმედების შემთხვევისთვის ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა. გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება“,
– განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა თქვა, ისურვებდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად იყვნენ გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება მათ ღირებულებებს, საერთაშორისო სამართალს და ევროპულ გზას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც.

„ჩვენ განვიხილეთ მომავალი არჩევნები, ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს. მთავრობის ქმედებებმა შეიძლება საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები