პრეზიდენტი დიასპორას: თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებში
სალომე ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას მიმართავს.

პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის არჩევნებში დიასპორის წარმომადგენლების ხმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„გვითხარით, გვაჩვენეთ, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის” – ამბობს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში ისიც თქვა, რომ 27 მაისი ქართული დიასპორის დღე წელს ქვეყანაში არ აღნიშნეს. მისთვის ამის მიზეზი ცნობილი არაა.

„დღეს 27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ, არ ვიზეიმოთ, რატომ? არ ვიცი, ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა.
მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, ვინც საზღვარგარეთ, უშუალოდ ამ ქვეყნის შენების მონაწილეა ჩვენი მოქალაქეა და არ შეიძლება, რომ 26 მაისის შემდეგ, დღეს მათთან ერთად არ ვიზეიმოთ და არ აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! ვიცი, რომ გუშინ თქვენ ალბათ, ყველამ ნახეთ თბილისში და სხვადასხვა ქალაქში გამართული ზეიმი; თქვენ ალბათ, მოისმინეთ რა გეგმა მაქვს საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავ მომავალ თვეებს, რათა გამოვიდეთ არსებული მდგომარეობიდან.

ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დიასპორის ასეთი აქტივობა, რაც დღეს ჩვენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ვნახეთ აქამდე არ ყოფილა. თქვენ, ვინც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამერიკაში ცხოვრობთ, ადრე, შეიძლება ნაკლებად მობილიზებული და ნაკლებად დაინტერესებული ყოფილიყავით, არ ყოფილიყავით უშუალოდ ჩართული არჩევნებში. მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ თქვენი წუხილი და ინტერესია უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა არა ჩვეულებრივ არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალზე გამართულ რეფერენდუმში.

მე არჩევნების საკითხში არასოდეს ჩავერეოდი, ეს არ არის პრეზიდენტის როლი, თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარების ინტერესი, მე ვერევი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციამ მომცა ეს მანდატი და ეს ვალდებულება, რომ მე დავიცვა ქვეყნის კურსი, ქვეყნის ორიენტაცია, მისი ევროინტეგრაცია და ყველაფერი გავაკეთო ამისათვის, რაც ჩემს შესაძლებლობაშია იმისთვის, რომ შევინარჩუნო, დავეხმარო ამ ევროპულ ინტეგრაციას – ეს წერია უშუალოდ კონსტიტუციაში.

ამას ვაკეთებ, ამას გავაკეთებ და ამას გავაკეთებ თქვენთან ერთად. მაქვს თქვენი იმედი. ჩვენი დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის”,
– ამბობს პრეზიდენტი.


წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები