დეკლარაცია 16 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ – პაპუაშვილი ორგანიზაციების რეგისტრაციაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვადები დაასახელა, რაშიც რუსული კანონის მიხედვით, შესაბამისი ორგანიზაციები "უცხოური გავლენის მქონე" სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესს სულ 3 თვე დასჭირდება.

"გამჭვირვალობის კანონი დღეიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ 60 დღეში იუსტიციის სამინისტრო შესაბამის პლატფორმასა და კანონქვემდებარე აქტებს წარმოადგენს. ამის შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, იქ ის ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ, რომელთაც უცხოეთიდან შემოსავალი 20%-ზე
მეტი აქვთ.

კონკრეტული თარიღებით რომ განვმარტო - 2 სექტემბრამდე, ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ განმარტებაში ექცევიან, შესაბამის პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ და შემდეგ, დაახლოებით, 16 სექტემბრამდე 2023 წლის ფინანსური დეკლარაცია უნდა წარადგინონ. ეს ის გრაფიკია, რაც ამ კანონმა დაადგინა".
- თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოში რუსული კანონი დღეიდან, 4 ივნისიდან ამოქმედდა. პრეზიდენტის უარის შემდეგ, შესაბამის განკარგულებას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 3 ივნისს მოაწერა.

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

წყარო: ტაბულა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები