ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები აღარ დგანან

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მარნეულის ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები აღარ დგანან. ტერიტორია, სადაც თვითდასაქმებულები ანტისანიტარიაში რძის პროდუქტებს, ხორცს და სხვა მალფუჭებად საკვებს ყიდდნენ, თავისუფალია.


გარევაჭრობის აკრძალვის ბერკეტი მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ რაერთხელ სცადა. პრობლემა ბოლოს, საკრებულოზე განიხილეს, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მიიღებდა შესაბამის ზომებს,
რათა ბაზრის მიმდებარედ ტერიტორია გარემოვაჭრეებისაგან გაეთავისუფლებინათ.


ამავე საკრებულოს სხდომაზე (12/09/2023) გახდა ცნობილი, რომ მოქალაქე თორნიკე რობაქიძეს 15 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით მისცეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემდგომში მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის განსათავსებლად. რადიო „მარნეულმა“ გასხვისებული ტერიტორიის დეტალების გასარკვევად მუნიციპალიტეტს წერილით რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა მერიისაგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ბაზრის მიმდებარედ კუსტარულად მოწყობილ დახლებზე, ძირითადად, ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვა რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდებოდა. ტერიტორიაზე ავტომობილების და ქვეითების გადაადგილებაც ჭირდა. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები