პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა მას ამერიკის ვიზა და მიიღო თუ არა მეილზე შეტყობინება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვას, აქვს თუ არა მას აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა მან მეილზე (ელექტრონულ ფოსტაზე) ინფორმაცია აშშ-სგან სავიზო შეზღუდვის შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ამის შესახებ კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გუშინ, 3 ივნისს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „არსებობენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც
უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ“.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებაზე, კერძოდ, ელის თუ არა სანქცირებას და ასევე სთხოვეს ეპასუხა, აქვს თუ არა მას თავად აშშ-ის ვიზა და მიიღო თუ არა სავიზო შეზღუდვის შესახებ მეილზე შეტყობინება.

მიუხედავად ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვისა, პაპუაშვილმა კითხვის მხოლოდ იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, არასწორია საკუთარი დღის წესრიგის იმაზე აწყობა, სხვა ქვეყანა შენთან მიმართებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ კონტექსტში მან გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სავსეა „უცხო ქვეყნის შანტაჟს დაქვემდებარებული პოლიტიკოსებით“.

“რაც შეეხება სანქციებით მუქარას, საქართველოსთვის სანქციები არ არის სიახლე. ჩვენ ათწლეულებია სხვადასხვა სანქციის ქვეშ ვართ ნამყოფი, მათ შორის რუსეთიც ცდილობდა, რომ სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართველ ხალხზე. ეს არის ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი და არ მგონია ვინმესთვის სასიკეთო იყოს ეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები