ესტონელი დეპუტატები მოითხოვენ სანქციებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიმართ
ესტონეთის პარლამენტში დარეგისტრირდა წინადადება საქართველოს შესახებ, რომელშიც 44 დეპუტატი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ ანტი-დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას, რაც ევროატლანტიკური კურსის შესახებ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ესტონეთის პარლამენტი გმობს მმართველი უმრავლესობის მიერ რუსული კანონის მიღებას და პარლამენტს მისი დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების
წინააღმდეგ ძალადობა, წარმართოს სამართლებრივი გამოძიება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე და დარჩეს ერთგული დაპირების მიმართ, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და გაატარებს რეფორმებს, რაც ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გადაჭრიან კრიზის იმ გზით, რაც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, სანამ არ დაუბრუნდებიან რეფორმებსა და ევროკავშირთან შეთანხმებულ დემოკრატიზაციის პროგრამებს, სანამ არ გააუქმებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდგომი მოლაპარაკებები დაბლოკოს, გააჩეროს განვითარების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხები სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერისთვის გამოიყენოს.

წარდგენილ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი განიხილავს სამთავრობო სანქციების დაწესების საჭიროებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისთვის.

ესტონეთის პარლამენტის მოწოდებაა, რომ სანქციები დაუწესდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში.

ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის იქამდე, სანამ რუსული კანონი არ იქნება გაუქმებული.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები