ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 10-ჯერ მეტი დახმარება გამოუყო, ვიდრე სამოქალაქო სექტორს - ევროკომისიის დირექტორატი
ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატი საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასთან დაკავშირებული არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, განმარტება მნიშვნელოვანია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონტექსტში", - წერია დირექტორატის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა. კერძოდ, 2019 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს 517
მილიონი ევროს, სამოქალაქო საზოგადოებას 46 მილიონი ევროს, ხოლო კერძო სექტორს 6 მილიონი ევროს დახმარება გამოუყვეს.

დირექტორატის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერის 10 ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი 2019-2024 წლებში ასე გამოიყურება:

  1. 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
  2. 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
  3. 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
  4. 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  5. 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  6. 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  7. 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
  8. 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  9. 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  10. 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;
  11. მეთერთმეტედ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტი, რომელსაც მათივე ცნობით, 4.8 მილიონი ევრო გამოუყვეს.

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები