კობახიძის თქმით, ვისაც სურვილი ექნება, ყველა უნდა დარჩეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ყველა უნდა დარჩეს სიაში, ვისაც სურვილი ექნება.

„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მიმაჩნია, რომ ვისაც ექნება სურვილი მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის. ეს
არის მთელი გუნდის საერთო დამოკიდებულება - აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს თუ ექნება დარჩენის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს ამის საშუალება“,
- თქვა კობახიძემ

პრემიერმა აღნიშნა, რომ სიის ფორმირების საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ყველა პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების, 12 წლის, განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი.

ჯერ არ დაწყებულა კონსულტაციები სიასთან დაკავშირებით. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს შესაბამის ფორმატში ამ საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტსაბჭოს ფორმატში“,
- აღნიშნა პრემიერმა.

„მთავარი არხის“ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის აუტსაიდერებად სახელდებიან დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე, ალუდა ღუდუშაური.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები სიებზე ლაპარაკს ამ ეტაპზე უსაფუძვლო და ფუჭ საქმიანობად მიიჩნევენ.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები