აზერბაიჯანი SOCAR-ის აქციებს გაყიდის - სიაშია სხვა სახელმწიფო კომპანიებიც
წელს აზერბაიჯანის მსხვილ სახელმწიფო კომპანიებში სახელმწიფო წილების კერძო ინვესტორებისთვის ნაწილობრივ მიყიდვის წინადადებები მომზადდება. ამ კომპანიებს შორის SOCAR, AzerGold CJSC, ASCO, BakTelecom, AzTelekom და ABB Bank-ის სტრუქტურები სახელდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ქონებრივ საკითხთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, მეთინ ეინულაევმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

მისი თქმით, 2023 წლის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციით კერძო სექტორის ინვესტიციების მიზიდვას ითვალისწინებს. თუმცა საუბარი არის არა პირდაპირ პრივატიზაციაზე, არამედ აქციათა პაკეტების გაყიდვაზე.

უწყებამ ყველა სახელმწიფო საწარმოზე წინადადებები ცხრა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს.

აქციათა პაკეტის გაყიდვის პროცესი შესაძლოა, SOCAR-ის ისეთ სტრუქტურებს შეეხოს, როგორიც არის საწარმოო გაერთიანება „აზერქიმია,“ ასევე, ეთილენისა და პროპილენის მწარმოებელი საწარმოები და მეთანოლისა და კარბამიდის ქარხნები.

საწარმოო გაერთიანებებსა და დახურულ სააქციო საზოგადოებებში, რომლებშიც სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს, აქციების შესყიდვას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები შეძლებენ.

„ამ სტრუქტურებში სახელმწიფოს წილები შემცირდება. ამჟამად თითოეული საწარმოო გაერთიანებისა და დახურული სააქციო საზოგადოებისთვის წინადადებებს ვამზადებთ, რასაც შესაძლოა, ცხრა თვე დასჭირდეს,“ - აცხადებს ეინულაევი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობა პრივატიზების პროცესში უცხოელი ინვესტორების მიზიდვით არის დაინტერესებული, თუმცა მიწაზე უფლებებთან დაკავშირებით მათთვის ძალაში დარჩება შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები