მშვილდოსნობის ნაკრებს კიდევ ერთი მარნეულელი თათა ნავერიანი შეუერთდა
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი მარნეულელი სპორტსმენი, თათა ნავერიანი შეუერთდა. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, ნაკრების წევრობა მისთვის მოტივაცია და დამატებითი პასუხისმგებლობაა.

„ზოგადად, ძალიან დიდი შრომის შედეგია ნაკრებში მოხვედრა და ძალიან გახარებული ვარ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და უფრო მეტად მიხარია, რომ ჩემი შრომა დაფასდა. გვექნება გასვლითი ტურნირები ქვეყნის გარეთ და ესეც დიდი უპირატესობაა“ -
ამბობს თათა ნავერიანი.

თათა ნავერიანი მეორე წელია, რაც მარნეულის სპორტული სკოლის მშვილდოსანთა ჯგუფში ვარჯიშობს. ამევე სპორტსკოლის ხელმძღვანელი, მამუკა ნავერიანი ამბობს, რომ მარნეულიდან ორი წევრის ნაკრებში ყოფნა მათთვის მნიშვნელოვანია. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მწვრთნელების და სპორტსმენების დიდი შრომის დამსახურებაა.

„ჩვენი სპორტსკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ გოგონების სპორტში ჩაბმა და მათი ხელშეწყობა ამ მიმართულებით. თვითონ მშვილდოსნობა, მისი სპეციფიკით მიმზიდველია და მოხერხებულია იმისთვის, რომ გოგონები აქტიურად ჩაერთონ ამ სპორტის სახეობაში, თუმცა არ გვაქვს სხვა სპორტის სახეობები, სადაც არანაკლებ აქტიურად არიან ჩართულები გოგონები ფეხბურთში, ძიუდოში და ასე შემდედ. სალომე ხარშილაძემ და თათა ნავერიანმა მოახერხეს, რომ გამხდარიყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და შესაბამისად, ჯანსაღი პრეტენზია გვაქვს, რომ მონაწილეობა მივიღოთ ევროპის ჩემპიონატზე. მშვილდოსნობაში ერთდროულად ორი სპორტსმენის მონაწილეობა ერთი მუნიციპალიტეტისთვის, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წარმატება და მონაპოვარია“ - ამბობს მამუკა ნავერიანი

სალომე ხარშილაძე უკვე ორი წელია, რაც საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ნაკრების წევრია. ამბობს, რომ მისი თანაგუნდელის ნაკრებში შემოერთება სასიხარულოა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი.

„მე და თათას, ორივეს ძალიან გვიხარია. იმიტომ, რომ გუნდებთან ერთად ყოფნა, ძალიან სასიხარულოა. უფრო მეტი უპირატესობები იმით გვაქვს, რომ შეგვიძლია საზღვარგარეთის ტურნირებზე ვიაროთ ჩვენ, ნაკრების წევრებმა. ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება“ - ამბობს სალომე ხარშილაძე.

სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. შეჯიბრი სლოვენიაში, თებერვლის თვეში ჩატარდება.
მარნეულის სპორტულ სკოლაშის მშვილდოსანთა ჯგუფში დაახლოებით 15 სპორტსმენია

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები