მარნეულმა, ბოლნისმა და დმანისმა USAID-ის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი
დღეს, 19 აპრილს, მარნეულში გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მარნეულის, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს შორის. ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის დასახლებებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაზრდას. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას USAID საქართველოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის უფროსმა მრჩეველმა დემოკრატიისა და მმართველობის საკითხებში კორინ როტბლუმმა განაცხადა, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა.



„როგორც უკვე აღინიშნა, ეს პროგრამა არის მორგებული ყველა მოქალაქეზე, ენის ბარიერის მიუხედავად. მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის პროცესებში. წარმოადგინონ საჭიროებები და იმუშაონ ყველა უწყებასთან, მათ შორის თვითმმართველობასთან, სამოქალაქო და კერძო სექტორთან, რათა მათი საჭიროებები გათვალისწინებული იყოს. ჩვენი ყველა პროგრამა მაქსიმალურად არის მორგებული ყველა მოქალაქეზე, მათ მოთხოვნებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და ქალებზე. „ - ამბობს კორინ როტბლუმი.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისას, მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა მადლობა გადაუხადა USAID-ს პროგრამაში ჩართულობისათვის და იმედოვნა რომ მათთან მუშაობა მუნიციპალიტეტისათვის ნაყოფიერი იქნება.



„მოხარული ვარ, რომ USAID-ის ახალი პროგრამის ფარგლებში შერჩეულია ჩვენი მუნიციპალიტეტი. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება უფრო წარმატებული და ნაყოფიერი“

სიტყვით ასევე გამოვიდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და თქვა, რომ პროგრამა, რომელიც მარნეულში 5 წლის განმავლობაში განხორციელდება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობას.

ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტური თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მასშტაბით მარნეული იმ, 11 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა, სადაც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა განხორციელდება და რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას. ასევე, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობას“


USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში. პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს, სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები