პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის ძმისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა
სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ბუხრაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც 14 წლის ძმისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული ნათესავი დაჭრა.

„ბრალდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით და ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა“, - თქვა პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომლის თქმითაც, არსებობს კონფლიქტის გაგრძელებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაკავებულის 20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა მისი ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი. ბრალდებულის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად დაკავებულმა და განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო აფექტის მდგომარეობაში:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს ჰკითხა, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა დანაშაული, პასუხის მიღების შემდეგ კი კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდა. ის თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას და დანაშაულის ჩადენის იარაღიც მიიტანა პოლიციაში“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა თორნიკე ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე საქმე გადაკვალიფიცირდა და ბრალდება დამძიმდა. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, ახლა კი მიმდინარეობს 19-108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე ვერ ხერხდება სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცის გამოკითხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 წლის გოგო კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ბიძამ (მამიდის ქმარმა) გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნის ბიძამ (მამის ძმა) მომხდარის შესახებ შეიტყო, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 137-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 14 წლის გოგო, რომელიც კახეთში, ბიძის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები