აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს.

აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა ამ ფაქტს ფეისბუკსტატუსით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "უხერხულობის თავიდან ასაცილებლად" თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით განცხადება დაწერა.

"ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!“ - წერს მაღალჩინოსანი ფეისბუკგვერდზე.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირის მიმართ ბრალის წაყენებაზე განცხადება პროკურატურამ 5 მარტს გაავრცელა.

გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.

"მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიების ინფორმაციითვე, ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები