„ქართულ ქარტიას" პილიტიკოსების ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა
„ორბელიანების სასახლეში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აწერენ ხელს.

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს: პარტია „ახალის“ ლიდერმა – ნიკა მელიამ, „ლელოს” ლიდერმა – მამუკა ხაზარაძემ, „დროა-გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრებმა – ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ.

ასევე – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, „ევროპულმა საქართველომ”, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, პარტია „მოქალაქეებმა”, მოძრაობამ „ხალხისთვის”, ნიკა მაჭუტაძემ – „სახელმწიფო ხალხისთვის”, აგრეთვე, თაკო ჩარკვიანმა, პაატა
დავითაიამ, ბაჩუკი ქარდავამ და ეკა ბესელიამ.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქარტიაში არის გარკვეული საკითხები, რასაც არ იზიარებენ, თუმცა, მათივე თქმით, ახლა გაერთიანება, ერთობაა მნიშვნელოვანი და ამის გამო აწერენ ხელს დოკუმენტს.

„ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ასეთი ერთობა იქნება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ეს რეფორმები არის ხალხის ინტერესში, ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველანაირი დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვიღებთ ვალდებულებას მისი ზედმიწევნით შესრულებაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარტიას ხელს არ მოაწერენ გახარიას გუნდი, პარტია „საქართველოსთვის”, ასევე, პრეზიდენტის ინიციატივას არ უერთდება „გირჩი” და „ლეიბორისტული პარტია“.

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტიის“ ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება 26 მაისს შესთავაზა.

ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ჩაატარებს მას თავისუფალ გარემოში. პრეზიდენტმა თქვა, ოქტომბრის არჩევნები არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ სახალხო რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხი გადაწყვეტს, ირჩევს თუ არა ევროპას.
განახლება: „ქართულ ქარტიას” სულ 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
  1. „საქართველოს მწვანეთა პარტია” – გია გაჩეჩილაძე
  2. „სამართლიანობისთვის” – ეკა ბესელია
  3. დროა – ელენე ხოშტარია
  4. „გირჩი – მეტი თავისუფლება” – ზურაბ ჯაფარიძე
  5. „ევროპელი დემოკრატები” – პაატა დავითაია
  6. „კანონი და სამართალი” – თაკო ჩარკვიანი
  7. „ლელო საქართველოსთვის” – მამუკა ხაზარაძე
  8. „ახალი” – ნიკა მელია
  9. „მოქალაქეები” – ქეთევან თურაზაშვილი
  10. „ანა დოლიძე ხალხისთვის” – კახაბერ დვალიშვილი
  11. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა” – ირაკლი ჯამბურია
  12. „სტრატეგია აღმაშენებელი” – პაატა მანჯგალაძე
  13. „ევროპული საქართველო” – გიგა ბოკერია
  14. „რესპუბლიკური პარტია” – დავით ბერძენიშვილი
  15. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – თინა ბოკუჩავა
  16. მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე
  17. „ეროვნულ – დემოკრატიული პარტია” – ბაჩუკი ქარდავა
დამოუკიდებელი დეპუტატები:
  1. ნატო ჩხეიძე
  2. როსტომ ჩხეიძე
  3. თამარ კორძაია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. არმაზ ახვლედიანი
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər