როგორც "გამჭვირვალობის კანონი" იყო რუსული, ისე ვაყენებ მე ეროვნული ნაკრების შემადგენლობას - კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე "სრულ აბსურდს" უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებს იმაზე, რომ თავად წყვეტს, ვინ ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში და ვინ - არა.

კახა კალაძის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. განცხადებაში იგი ამბობს, რომ მისი მხრიდან ნაკრების შემადგენლობის "დაყენება" ისეთივე სიმართლეა, როგორც "გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული". ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ "ანალიზი გააკეთეს" და გამოიკვეთა, რომ
მის მიმართ მსგავსი ბრალდებები მათგანაა, ვინც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდა.

"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, ვინც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99% ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ.

ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე",
- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ორი მატჩი გამართა. თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ კი მხოლოდ თურქეთთან ითამაშა ბოლო ხუთი წუთი.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ამ საკითხზე დისკუსია დაიწყო, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ დაწერა: "იმდენი პირადი კითხვაა, რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს. იმედია, ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან".
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურში ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, დაიწყება.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər