აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს მინიმუმ 1 ოქტომბრამდე არ გახსნის
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა. დოკუმენტის მიღების მიზანია „ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენცია“.

აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილი აქვს. ბაქოში განაცხადეს, რომ საკარანტინო რეჟიმს შეინარჩუნებენ „იმდენ ხანს, რამდენიც აუცილებელი იქნება“.

ქვეყანაში შესვლა
მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ამავე დროს, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

აზერბაიჯანის სახმელეთო გზის გახსნის აუცილებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადეს საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით 2020 წელს დაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.
წყარო: radiotavisupleba.ge

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər