მელია: ჩატარდა კვლევა – ერთიანი სია არ არის ივანიშვილის დამარცხების ფორმულა
პარტია “ახალის” თანადამფუძნებლის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოკვეთა რომ ერთიანი სიით ოპოზიციური პარტიები “ქართულ ოცნებას” ვერ დაამარცხებენ.

მელიას თქმით, კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ჩატარდა და მის შესახებ ინფორმირებული იყვნენ ოპოზიციური პარტიები.

“მიმდინარეობდა კვლევა, ყველა პარტიასთან შეთანხმებული. არასამთავრობო ორგანიზაციები ლიდერები იყვნენ ამ პროცესში, რომ კვლევა ჩატარებულიყო და ჩვენ ყველას გაგვეგო ემპირიულად, რა ცნობები მოვა, ყბადაღებული ერთიანი სია იმუშავებს თუ არა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები ახლა მუშავდება. ხვალ-ზეგ ეს ყველასათვის ცნობილი იქნება. დამკვეთი გადაწყვეტს გაასაჯაროოს თუ არა. თუ არა და ყველა პარტიას ჩამოყალიბდება.

ჩვენი, პარტია “ახალის” და კიდევ სხვების პროგნოზი გამართლდა, რომ ერთიანი
სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად […] პროცენტებზე, მაჩვენებლებეს მე ვერ ვისაუბრებ, არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ უფლება არ მაქვს, მინიშნება არ მოგცეთ – რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმულა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ეს დადო [კვლევამ] ძალიან მკაფიოდ და ეს, რა თქმა უნდა, არ გადაიხედება ძალიან ბევრი პასუხისმგებლობიანი პარტიის მიერ”,
– განაცხადა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

მელიას ვარაუდით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება, პარტია “ახალს”, მელია ამბობს, რომ შეიქმნება პლატფორმა “რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს. ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ”.

ნიკა მელიას არ დაუკონკრეტებია, ვინ იქნებიან გაერთიანების წევრები “ახალის” გარდა, თუმცა აღნიშნა, რომ პლატფორმა იქნება “გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ღერძი”. ასევე, გამორიცხა თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან.

მისი თქმით, მთავარი პრინციპია, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი ოპოზიციურ ფლანგზე.

უფრო მეტი დეტალი პარტიების საარჩევნო კონფიგურაციის შესახებ, მელიას თქმით, 8 ივლისს გასაჯაროვდება.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər