რამდენად გაძვირდა პროდუქტები მარნეულის საბითუმო მაღაზიებში
ზეთი, შაქარი, მარილი,პური და მსგავსი საყოფაცხოვრებო პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს, ფასები ყოველდღიურად იზრდება. ამის შემჩნევა მარნეულის სასურსათო მაღაზიებში ადვილადაა შესაძლებელი. მარნეულის ერთ- ერთი სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელი, რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, რომ მაღაზიაში მისვლისას მყიდველს, ყოველდღე სხვადასხვა ფასი ხვდება.

,,ზოგადად პროდუქტის ფასები  ყოველდღიურად იცვლება და უმეტესად მომხმარებელს რეაქცია უკვე აღარ აქვს. ზოგს უკვირს, გუშინ სხვა ფასში ვიყიდე შაქარი და დღეს 10 თეთრით ძვირიაო? ასე კითხულობენ. ერთ წელზე მეტია, რეგულარულად ნარჩუნდება  ფასი ძეხვეულზე,  რძის პროდუქტები თითქმის სამი თვეა არ გაძვირებულა. ძირითადად ფასების ზრდა ხდება, რაც ფქვილთანაა დაკავშირებული:  ტკბილეული,ცომეული, შაქარი, ზეთი და მსგავსი პროდუქტები. ეს მატება კი დაახლოებით 10 %-ია". - თქვეს სავაჭრო ცენტრში



იგივე სურსათის მაღაზიაში, პროდუქტებზე მომხმარებლის უკმაყოფილების შესახებ მოლარე ოპერატორიც საუბრობს, მისი განმარტებით, თუ ცოტა ხნის წინ მომხმარებელი 300 ლარის პროდუქტით ერთ ურიკას ავსებდა, ახლა განახევრებულ ურიკაში იხდის იგივე თანხას.

,,ჯერ როგორც მომხმარებელი ვიტყვი, რომ ძალიან გაძვირდა ყველაფერი, ის რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება. როგორც ამ მაღაზიის მოლარე ოპერატორისთვის, ბოლო პერიოდში შესამჩნევია მყიდველის უკმაყოფილება. მაგალითად თუ მყიდველი ერთ ურიკაში 300 ლარის პროდუქტს ათავსებდა, ახლა იგივე თანხას განახევრებულ ურიკაში იხდის. ეს ფასების ზრდამ გამოიწვია, უკმაყოფილოა მომხმარებელი, ისიც არ იციან, სად გააპროტესტონ".- ამბობს მოლარე ოპერატორი.




პენსიონერი ჰაჯი მამედოვის თქმით, გაძვირებული პროდუქტებისა და მედიკამენტების ფონზე, ასაკობრივი პენსიის თანხა, თვიდან თვემდე საარსებოდაც არ ჰყოფნის. მისი თქმით არც პროდუქტის ხარისხი და არც ფასები სახელმწიფოს მხრიდან არ კონტროლდება.

,,ყველამ კარგად იცის, ჩვენმა მთავრობამაც მათ შორის, რომ ფასები ყველაფერზე იზრდება. მე ვფიქრობ, რომ  მთავრობა უნდა წავიდეს, ეს ერთადერთი გამოსავალია. წამლებიც ძალიან ძვირია, პროდუქტიც. პენსიონერი ვარ და რაში მეყოფა? კომუნალურები გადავიხადო, წამლები ვიყიდო თუ პროდუქტი?  უბრალოდ ვარსებობთ, თავი გაგვაქვს, ამას ცხოვრება არ ჰქვია. ზეთი ჯერ 4 ლარი ღირდა და ღირებულება 10 ლარს გასცდა, ასეა ყველაფერი. თან რას ვჭამთ ვინ აკონტროლებს, რა ხარისხია არც ვიცით. ფასები მაღლა მიდის და ხელფასები დაბლა. ძალიან ცუდი ცხოვრება მოვიდა".- ამბობს ჰაჯი მამედოვი.




მარნეულის სასურსათო მაღაზიებში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე საშუალო ფასი ასეთია:

1კგ ფქვილი 5 ლარი

ჩაის ფერი - 5 ლარი

ბრინჯი - 4ლარი

წიწიბურა - 5 ლარი

ჰერკულესი -5 ლარი

შაქარი 3ლარი

ზეთი 15 ლარი

მარილი -1.40 ლარი

ლობიო -5 ლარი

1ლ რძე -2.40ლარი

ერთი ქილა მაწონი 2.30


,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" ინფორმაციით. 2022 წლის მაისში ინფლაციის წლიურმა დონემ 13,3% შეადგინა და ქვეყანაში ინფლაციის დონე ისევ მაღალ ნიშნულზეა. მონაცემების მიხედვით სურათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 22%-ით გაიზარდა, რაც  წლიურ ინფლაციაზე 6,88 პროცენტული პუნქტით აისახა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები