ქართული რძის ფედერაცია რძის ნაწარმის ეტიკეტირებას ითხოვს
სოფელ წინწყაროში მცხოვრებმა ზეინაბ აბულაძემ რძის პროდუქტების წარმოება სახლში, ერთი ძროხით დაიწყო. ოჯახური საქმიანობა 2017 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის დახმარებით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტით ბიზნესად აქცია. სოფელში საწარმო ააშენა და იქ მცხოვრები 12 ოჯახისათვის მთავარ შემოსავლის წყაროდ იქცა. შპს „წინწყარო+“ -ში რძის ნაწარმს მხოლოდ ნედლი რძისგან ამზადებენ. „ქართული რძის ფედერაცია“ 30-მდე ნედლი რძის
გადამამუშავებელ საწარმოს აერთიანებს, რომელთა პროდუქციას „ქართული რძის ნიშანი“ აქვს მინიჭებული. ერთ-ერთი ასეთი ქვემო ქართლში „წინწყარო+“- ია.

ზეინაბ აბულაძის თქმით, რეგისტრირებული საწარმოები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათი მთავარი კონკურენტები ის მწარმოებლები არიან, ვინც უეტიკეტო და საეჭვო წარმომავლობის პროდუქტებით ვაჭრობენ. ამბობს, რომ მათ ვინც ეტიკეტირებულ პროდუქტებს ჰყიდის, ბევრად მეტი ხარჯი აქვთ და პროდუქტის ფასიც უძვირდებათ.


„ქართული რძის ფედერაციამ წამოიწყო კამპანია მოითხოვე ეტიკეტი, რომლის ფარგლებში მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგებლობით, მისი წარმომავლობით და უბრალოდ ვადებით. ჩვენმა საწარმომ შექმნა სტანდარტი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ჯანსაღი პროდუქციის მიწოდებას ითვალისწინებს. უნდა მოხდეს არარეგისტრირებული საწარმოებს კონტროლი და დაჯარიმება იმ პიროვნებების, ვინც არაეტიკეტირებულ პროდუქტით ვაჭრობს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენს მიერ დაწუნებული რძე მიიღო არარეგისტრირებულმა საწარმომ. მათთვის არ არის მთავრი რძის ხარისხი მათთვის მთავარია რძის რაოდენობა. აქედან გამომდინარე, რძის საწარმოებმა ხარისხს ვერ მიაღწიეს.თუ ნედლეული შეუწყდა საწარმოს ესეც გამოწვეაა ჩვენთვის, რადგანაც წარმოება შეჩერდება“ - ამბობს ზეინაბ აბულაძე.

ქართული რძის ფედერაციის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო არ გაამკაცრებენ უეტიკეტო რძის პროდუქციაზე კონტროლს და არ დააჯარიმებენ ყველას, ვინც უეტიკეტო რძის პროდუქტების რეალიზებითაა დაკავებული საფრთხე შეეხება ფედერაციაში გაერთიანებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოებს და 27 000 ფერმერს, რომელთა უმეტესობისათვისაც რძის რეალიზაცია შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

„ჩვენ ასეთი გეგმა შევიმუშავეთ, რომ ბაზრის შესასვლელებში დავდგათ ასეთი შინაარსის ლოგოები, მოითხოვე ეტიკეტი, იმისათვის, რომ მომხმარებელი მიხვდეს საჭიროებას, რომ მაგათი უფლებები არ დაირღვეს და მოითხოვონ ეტიკეტი ნებისმიერ რძის პროდუქტზე. ისე ხდება ხოლმე, რომ ჩვენს მიერ დაწუნებულ რძეს არარეგისტრირებული საწარმოები იტაცებენ და იმის გამო, რომ ფერმერი რძის ხარისხს გიფუჭებს, ვერ დაგვისჯია იმიტომ, რომ მათ ყოველთვის აქვთ გასაქცევი არარეგისტრირებული საწარმოს მხრიდან. სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც შევხვდით, პრობლემები ვუთხარით, მაგრამ, ჯერჯერობით, ბაზრები ისევ იმ დონეზეა გაჩერებული, როგორც აქამდე იყო. „ - ამბობს „ქართული რძის ფედერაციის“ წარმომადგენელი, ქეთი ექიზაშვილი.

მარნეულში გაურკვეველი წარმომავლობის რძის პროდუქტებს მრავლად შეხვდებით. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთ კუსტარულად მოწყობილ დახლს ნახავთ, სადაც ძირითადად ყველი, ხაჭო, და მაწონი იყიდება. აქ რძის ნაწარმს მხოლოდ ვიზუალურად ამოწმებენ, თუმცა რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მყიდველი ბევრი ჰყავთ. დახლების გარშემო ანტისანიტარიაა. რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება. შეიძლება ითქვას, რომ მოვაჭრეთა უმრავლესობას ეტიკეტირების შესახებ არაფერი სმენია, ზოგს კი დამატებით ხარჯად და არასავალდებულოდ მიაჩნია.



„ეს მარნეულია, სადაა ეტიკეტი გენაცვალე. ზოგს ოჯახიდან გამოაქვს, 10 კილო ყველი და ეტიკეტს ვინ გაუკეთებს მაგას. ეს ქარხნის ყველი რაცაა, მაგაზე კი გვაქვს ბეჭედი საბუთით. დანარჩენს ეტიკეტის გარეშე ვყიდით, გლეხი საიდან მოიტანს მაგას. ეს ეტიკეტი კიდე ძვირი ჯდება , იქ შეფუთვა უნდა და გიძვირებს პროდუქტს“ - ამბობს თვითდასაქმებული კაცი.

„ამ ყველს თვითონ ვამზადებთ, მთაში. ეტიკეტი არ აქვს. პირადია,  ამას რა ეტიკეტი ექნება. ჩვენი საქონელია და თვითონ ვაკეთებთ, ეტიკეტი რომ უნდა ეგ არც ვიცით. მოგვაქვს და ალალად ვყიდით“ - გვითხრა ქალმა, რომელიც წლებია ბაზარში ყველით ვაჭრობს

„არაფერიც არ აქვს ამ ყველას. ყველს უნდა ეტიკეტი? არ ვაპირებთ ეტიკეტის და რამის გაკეთებას. მე ვაჭარი არა ვარ,  ეს ჩემი საქონელია“ - ამბობს რძის პროდუქტებით მოვაჭრე ქალო

„რა ეტიკეტი, ვის გავაკეთებინო. ყოველდღიურად არც ვვაჭრობ, რათ მინდა. შეხედეთ, სუფთად ვაკეთებ და პურის ფულს ვშოულობ“ - გვითხრა კიდევ ერთმა თვითდასაქმებულმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოვაჭრეებს ვერ აკონტროლებს, როგორც უწყებაში გვითხრეს, რძის ნაწარმის შემოწმება მათ მხოლოდ აგრალურ ბაზრებში ევალებათ.

გარემოვაჭრეების ზედამხედველობის ვალდებულება აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას. მარნეულის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან თვითდასაქმებულების გაყვანა არაერთხელ სცადა თუმცა სიუტუაცია ჩვეულ მდგომარეობას მაქსიმუმ ერთ კვირაში უბრუნდება. მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის ასაკრძალად ახალი ღონისძიების გატარებას გეგმავს. როგორც მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა,  თურალ ისმაილოვმა გვითხრა, ანტისანიტარიის შემთხვევებზე მათ სამსახურს საჯარიმო ქვითრების გამოწერა ადგილზე შეეძლებათ, თუმცა მანამდე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.

მერიის მიერ დაანონსებული ღონისძიებები მხოლოდ გარევაჭრობას ეხება.   ეტიკეტირების საკითხი კი კვლავ გამოწვევად დარჩება. პრობლემისადმი ყურადღების მიპყორბას ქართული რძის ასოციაცია საკუთარი ძალისხმევით გეგმავს და იმედი აქვს რომ სურსათის უვნებლობაზე კონტროლის გამკაცრებას მიაღწევს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები