“არ ვაპირებთ საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას” – შამბა კობახიძეს ეხმიანება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დაბრუნების სურვილი საქართველოს მხრიდან არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ამოცანაა განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა. ამის შესახებ “TASS-თან” განაცხადა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ, რითაც ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველო აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას და ევროკავშირის წევრობას 2030 წლისთვის.

“მათ (საქართველოს) 30
წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელს ენდომებათ, რა თქმა უნდა, ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არ არის. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება”
– განაცხადა შამბამ.

შამბას თქმით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის “ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა”.

“როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას” – განაცხადა მან.

შამბამ აღნიშნა, რომ 1992 წლის ქართულ-აფხაზური ომის წინა დღეს, აფხაზმა პოლიტიკოსმა ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობების კონფედერალურ მოდელს, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს პროექტი აფხაზეთის პარლამენტში უნდა განხილულიყო, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და ომი დაიწყო.

“მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე საუბარი არ არის”- ხაზგასმით აღნიშნა შამბამ.

მან ასევე გაიხსენა, რომ 2008 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინა დღეს, რუსეთმა შესთავაზა საქართველოსთან კონფედერალური ურთიერთობების დამყარება, მაგრამ პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე.

“ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით” – განაცხადა შამბამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კოაბხიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც მისი თქმით აუცილებლად მიიყვანას ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.

კობახიძის განხადებით, მათი „აღთქმული მიწა” ანუ „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობსი აღდგენიდან 40 წლის თავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზე და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა:

„ირაკლი კობახიძე – ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი,“ — ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, 3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის:

„3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე, სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“,
– თქვა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google