რელიგიათა საბჭო: არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვაში, რელიგიურ სწავლებაში
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გამოხატავენ შეშფოთებას ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო.
საქმე ეხება 8 მარტის შემთხვევას, როცა კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს. შეკრებილმა მართლმადიდებლებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა მუსლიმებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

რელიგიათა საბჭოს წევრი ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები: კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა, არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თითქოს მოლაპარაკებას ცდილობს კერძო საკუთრებაში ლოცვისა და რელიგიური ხასიათის სწავლების დაშვება-დაუშვებლობის საკითხზე, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოს მიერ იმთავითვე უნდა იყოს გარანტირებული. ეს საკითხი არ შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა: კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა.

ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, სასულიერო პირებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლს შორის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე, რელიგიური ეთიკისა და ტოლერანტობის ტრადიციულ პრინციპებზე”.
– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;
  2. ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია;
  3. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია;
  4. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია;
  5. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია;
  6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
  7. სახარების რწმენის ელესია;
  8. ქართველ მუსლიმთა კავშირი;
  9. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები;
  10. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში;
  11. ხსნის არმია;
  12. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია;
  13. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება;
  14. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია;
  15. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

 

წყარო: პუბლიკა

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები