ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია, რა ეწერება ვეტოში, ნახავთ ორ კვირაში - მსხილაძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის შესახებ პრეზიდენტის ვეტო იქნება ტექნიკურად და იურიდიულად გამართული, თუმცა ზუსტად რა ეწერება, ამას საზოგადოება ნახავს 2 კვირაში. მან ასევე მიუთითა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადების დროს ითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში,
ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ.

ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია“,
– განაცხადა მან.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები