ევროპის 7 ქვეყნის სპიკერი პაპუაშვილს მოუწოდებს, გაიწვიონ რუსული კანონი

ევროპის 7 ქვეყნის სპიკერი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიონ რუსული კანონი.



წერილი 24 მაისითაა დათარიღებული. ის დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენმა გამოაქვეყნა.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სულისკვეთება და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან.

არსებული კანონი ცდილობს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან.

ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს შეკრების თავისუფლებაზე და შეწყვიტოთ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მათი დაშინება.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შეუერთდა. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი.

ეს შესაძლებელი გახადა მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ.

20 წლის შემდეგ საქართველოც იმავე გზაზე დგას. ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ ნამდვილად იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ იყოყმანებს მის ერთგულებაში გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანს მშვიდობას, კეთილდღეობას, მაგრამ აგრეთვე თავისუფლებას და ღირებულებებს.

ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და ერთგულები ვართ ჩვენს მხარდაჭერაში”,
- ნათქვამია განცხადებაში. [„ფორმულას“ თარგმანი]

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების და პოლონეთის პარლამენტის სპიკერები.

დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

ვეტოს საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს. პლენარული სხდომები მიმდინარე კვირაში სამშაბათიდან გაიმართება.

თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პროცედურის მიხედვით, კენჭი ხელახლა უნდა ეყაროს რუსულ კანონს და ის მიღებულად ჩაითვლება, თუ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები