ჯერ არ დაგვისანქცირებია კონკრეტული პირები, მაგრამ ამაზე არ ვიყოყმანებთ — მილერი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დღეს, 3 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კითხვას უპასუხა რუსული კანონის გამო ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე.

მილერს ჰკითხეს, ხომ არ არის თბილისის მერი კახა კალაძე შეყვანილი შეცდომაში, როცა ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რის გამოც დასანქცირდებიან.

„ჩვენ განვაცხადეთ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ახალი მიდგომის შესახებ. ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია სანქციები
კონკრეტული პირების წინააღმდეგ და აქ გავჩერდები, თუმცა ჩვენ არ ვიყოყმანებთ მათ სანქცირებაზე“,
— თქვა მილერმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის უფრო ადრინდელი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, აშშ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია ქვეყნის განვითარების დასავლურ, დემოკრატიულ კურსს, რის საპასუხოდან აშშ დაასანქცირებს ამ პროცესის მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს. მილერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები გამოიწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გადახედვას, მათ შორის, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით, ასევე, სავიზო სანქციებს.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები