პოლიციამ ძარცვის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 არასრულწლოვანი
12:24 / 08.03.2019
შინაგან საქმეთა
სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს
სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.კ.
ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, ა.
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოკითხვისას გ.კ.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი
ფაქტი აღიარა. კერძოდ, არასრულწლოვანი ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე
სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ
დაეუფლა.
გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.