სიცრუესთან ბრძოლა სკოლის მერხიდან
2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მედიაწიგნიერების ინდექსის მიხედვით საქართველო 41 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზეა. ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა და სოფიის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ანგარიში 2017 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აფასებს მედიაწიგნიერების ინდექსს ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალური 100 ქულიანი შეფასებიდან საქართველომ მხოლოდ 20 აიღო და ბოლო ადგილი დაიკავა. კვლევაში არ შესულა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები აზერბაიჯანი
და სომხეთი.
ანგარიშის მიხედვით, დღეს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას გაცილებით უკედ შეუძლიათ ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვა, ვიდრე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით განსაკუთრებით რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობას არაქართულენოვნი მოსახლეობა წარმოადგენს. მედია მკვლევარების აზრით, სწორედ ამიტომ ადგილობრივები უფრო მეტად მოწყვლადები არიან დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით.

დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფაზა მარნეულში კორონავირუსის პანდემიისას იყო. მოსახლეობას, რომელსაც არ ჰქონდა წვდომა გადამოწმებულ ინფორაციაზე ადვილად გახდა მანიპულაციის მსხვერპილი, რამაც ვაქცინაციის პროცესისადმი უნდობლობა გამოიწვია.
საქართველოში დეზინფორმაციული ნარატივი განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან. რუსული ან საქართველოში მათთან აფილირებული დეზინფორმაციული წყაროები ამ ნარატივის ძირითადი გამავრცელებლები არიან.

„მითების დეტექტორი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციული ხასიათის მასალების გადასამოწმებლად. ორგანიზაციის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციული ხასიათის მასალები ვრცელდება ისეთი წყაროების მეშვეობით, რომელთა დასახელებაც მიახლოებულია ცნობილი მედია ორგანიზაციების სახელთან. ამ შემთხვევაში მოქალაქეები უნდა დააკვირდნენ თუ რომელი წყარო ავრცელებს ინფორმაციას და როგორაა მისი დომენი დაბოლოებული.

წყაროს ნამდვილობის შემოწმებისათვის რამდენიმე გზა არსებობს:
პირველი - შეამოწმეთ დომენის სანდოობა: არ ენდოთ ვებ-გვერდებს შემდეგი დაბოლოებებით “.com.co”, “.co” და სხვა
მეორე - შეამოწმეთ ვებგვერდის განყოფილება „ჩვენს შესახებ“ რათა დარწმუნდეთ სატირულია გვერდი თუ საინფორმაციო.
მესამე - შეამოწმეთ თუ რამდენად გამჭვირვალეა ვებგვერდის ფეისბუქ სექცია, რათა დაადგინოთ მედიის მფლობელი
მეოთხე - დარწმუნდით, რომ მასალის ავტორი რეალური პიროვნებაა და ის სანდოა

ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია სანდო წყაროებზე მიმსგავსებული გვერდების მეშვეობით არის „სისხლიანი ბანანის“ შემთხვევა, რომელიც მარნეულშიც აქტიურად განიხილებოდა. სოციალურ ქსელში CNNews-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანანებში სისხლი აღმოაჩინეს და სწორედ ამ გზით ვრცელდება კორონავირუსი.
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი
აღნიშნული გვერდის დასახელება და ლოგო იმდაგვარადაა შექმნილი, რომ მოქალაქეს შესაძლოა ის ცნობილი მედია საშუალება CNN-ი ეგონოს. ამ გზით კი, ცრუ ინფორმაციის გავრცელება უფრო მეტად ადვილი ხდება. 
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი

სოციალური მედიით ხშირად ვრცელდება ფოტომასალა რომელიც არ არის ავთენტური. იგი წინასწარ არის დამუშავებულია და მისი კონტენტის მიზანმიმართულად არის შეცვლილი.

ასევე ხშირია ვიდეო და ფოტომასალა, რომელსაც არ ეტყობა რედაქტირების კვალი, მისი კონტენტი არ არის შეცვლილი, მაგრამ არასწორად არის მითითებული მისი გადაღების დრო და ადგილი. ამ პარამეტრების შეცვლა კი მთლიანად ცვლის ფოტოს კონტექსტს.

ცრუ ინფორმაციის გამოსავლენად, ვიდეო და ფოტო მასალის ავთენტურობის დასაგენად დღეს არა ერთი ტექნიკური საშუალება არსებობს, რომლის ცოდნა აუცილებელია ინტერნეტ მომხმარებლისთვის.
თუმცა, საქართველოში მედიაწიგნიერების დაბალი დონე საუკეთესო ნიადაგი გახდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომლის მიზანი ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში უნდობლობის, შიშის დანერგვაა და გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცევაა.

სპეციალისტების აზრით, იმისთვის რომ მედიაწიგნიერების მხრივ სიტუაცია გამოსწორდეს, სწავლა სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს და მას სავალდებულო ხასიათი მიეცეს.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები