ტექნიკას, რომელიც მარნეულის მერიამ იაპონიის გრანტით იყიდა აუდიტი შეამოწმებს
მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის იაპონიის მთავრობის მიერ გადმოცემული თანხის გახარჯვის მიზნობრიობას აუდიტი შეამოწმებს.

საუბარია ერთი ერთეული ნაგავმზიდის შეძენაზე, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ იაპონიის მთავრობის გრანტით დაახლოებით 300 000 ლარად იყიდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მაია ნავერიანი განმარტავს,  ფინანსური ოპერაციები, რაც ტექნიკის შესაძენად ჩაატარეს, უახლოეს დღეებში შემოწმდება.

„თვითონ გრანტში იყო ეს პირობა ჩადებული და
ცალკე იყო თანხა გამოყოფილი ამისთვის იაპონიის მთავრობის მიერ. შეამოწმებენ გადარიცხვის კუთხით როგორ ჩატარდა ფინანსური ოპერაციები, იყო თუ არა სწორად და გამჭვირვალედ -  ამაზე აუდიტორული შემოწმება იქნება ახლა“ -
ამბობს ნავერიანი

აუდიტის მომსახურებას მარნეულის მერიას შპს „ალექსანდრე“ გაუწევს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მასთან 4 835 ლარის გამარტივებული ხელშეკრულება უკვე გააფორმა.  დოკუმენტაციის თანახმად,  გრანტის ფარგლებში გაწეული დანახარჯების მიზნობრიობის აუდიტს 2023 წლის 14 თებერვლიდან, არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტამდე შეასრულებენ.

ნაგავმზიდი ავტომანქანის შესყიდვისათვის ტენდერი, რომლისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 301`008 ლარი გაწერა, (83.4% - გრანტი/კრედიტი, 16.6% - ადგილობრივი ბიუჯეტი) 2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველი ერთადერთი კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“ - აღმოჩნდა, რომელმაც მერიას ტექნიკის მოწოდება 295`000. ლარად შესთავაზა. სწორედ აღნიშნულ კომპანია გამოვლინდა გამარჯვებულად და მარნეულის მერიას ერთი ერთეული ნაგავმზიდი გადმოსცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები