მარნეულის მერიას შიდა აუდიტის გასაჯაროება არ სურს - სასამართლო გადაწყვეტილება თვითმმართველობამ გაასაჩივრა
„მეტი გამჭვირვალობაა ევროპული“ - აცხადებს მარნეულის მერი და უარს ამბობს საჯარო ინფრომაციის გაცემაზე. მარნეულის მერიამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რათა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მერიას ავალდებულებს „ქვემო ქართლის მედიას“ მისცეს შიდა აუდიტის დასკვნები.

„მარნეულის მერი კენან ომაროვი, თავის აქტივობით სოციალურ ქსელებში ხშირად ავრცელებს მმართველი გუნდის დეზინფორმაციულ გზავნილებს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით. მერიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსად ცდილობს წარმოაჩინოს
კანონპროექტი, არა როგორც ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვის ბერკეტი, არამედ როგორც „გამჭვირვალობის“ მექანიზმი.
მაშინ როდესაც მერი მუდმივად ამ საკითხზე აპელირებს, თავად უკვე ორი წელია საჯარო ინფორმაცია არ აწვდის ჩვენს რედაქციაზე“.
- აღნიშნულია ქვემო ქართლის მედიის განცხადებაში

მარნეულის მერიას „ქვემო ქართლის მედიამ“ მოუგო პირველი ინსტანციის სასამართლო დავა საჯარო ინფორმაციის საკითხზე. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა მარნეულის მერიის შიდა აუდიტის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნული პროცესი პირველ ინსტანციაში მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუგო, თუმცა როგორც მედიაორგანიზაცია განმარტავს, მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ მიუწოდებია მათთვის საჯარო ინფორმაცია.

„უწყებამ სასამართლოს პირველი ინსტანციის (ბოლნისის რაიონული სასამართლო) გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიმართა სააპელაციო სასამართლოს – გადაწყვეტილების სრული გაუქმების მოთხოვნით.
გასაჩივრების განცხადებაში მარნეულის მერია წერს:
„საყურადღებო და დაუსაბუთებელია ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.“ ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ: ” მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაცემა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის/მერის უფლებამოსილებას.” შესაბამისად, თვლიან რომ მერი წყვეტს მოხდეს თუ არა ამ ტიპის ინფორმაციის გაცემა“.
- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში

ქვემო ქართლის მედიამ მარნეულის მუნიციპალიტეტთან ერთად სასამართლოში უჩივლა გარდაბნისა და რუსთავის მერიებსაც. რუსთავისა და გარდაბნის მერიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ და ორგანიზაციას შიდა აუდიტის დასკვნები გადასცეს, ხოლო მარნეულის მერიამ სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

რადიო „მარნეული“ მარნეულის მერს, კენან ომაროვს, დაუკავშირდა მაგრამ ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ველოდებით კომენტარს მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურიდან, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 
მარნეულის მერია რუსული კანონით მედიას და არასამთავრობოებს გამჭვირვალობას სთხოვს თავად კი ინფორმაციას არ გასცემს

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები