რუსულად გამჭვირვალე - პოლიტიკური ნება ევროპული ინტეგრაციის შესაზღუდად
მასწავლებლების დაშინება, ბავშვის აზრების გამო მშობლების დაჭერა და „პატრიოტული აღზრდა“ რუსეთისთვის ახალი არაა. პედაგოგებს აიძულებენ პუტინის და ომის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას, მოსწავლეებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას რუსეთის ისტორიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ხოლო მათ ვინც სახელმწიფო ნარატივს არ მიყვება და ეწინააღმდეგება იჭერენ ან სკოლებიდან ანთავისუფლებენ.

„2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის რუსეთის სკოლები 193 500-მა მასწავლებელმა დატოვა“ - წერს
რადიო „თავისუფლება“ გამოცემა „ვაჟნიე ისტოიი“-ზე დაყრდნობით, რომელმაც ინფორმაცია რუსეთის განათლების სამინისტროს მონაცემებიდან აიღო - „ზოგიერთ შემთხვევაში, მასწავლებლებს სამსახურიდან წასვლას სკოლის ადმინისტრაცია აიძულებს: ხელმძღვანელობასთან უთანხმოების, მათ შორის, იდეოლოგიური, ომის საწინააღმდეგო პოზიციების ან ოფიციალურ ხელისუფლებასთან „პრობლემების“ გამო“. - წერს რადიო „თავისუფლება“

მასწავლებლებზე ზეწოლის ფაქტები საქართველოშიც მრავლადაა. სკოლის რესურსს ხელისუფლება იყენებს არჩევნების პერიოდშიც, რასაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) ანგარიშებიც მოწმობს, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდნენ. ანგარიშების მიხედვით, დაფიქსირდა სკოლის დირექტორებზე ზეწოლა და მათი სამსახურიდან განთავისუფლება პოლიტიკური ნიშნით, ISFED-მა კი საარჩევნო პროცესებში სკოლის დირექტორებისა და მოადგილეების ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა. არჩევნების მსგავსად სკოლის რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების კონტრაქციებზეც გამოიყენა. 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია გამართა, სადაც სკოლებისა და ბაღების პერსონალს მონაწილეობას აიძულებდნენ. მუქარითა და დაშინებით წაიყვანეს მასწავლებელები და ბაღის პერსონალი 17 მაისს გამართულ „ოჯახის სიწმინდის დღისადმი“ მიძღვნილ მსვლელობაზეც, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ აქციის სახეს ატარებდა.

რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტები და ლექტორები გაიფიცნენ, რასაც საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ განათლების სისტემის ძირფესვიან ცვლილებაზე საუბარი მოჰყვა. კობახიძემ განაცხადა, რომ „თსუ-ის პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული“ და დასძინა რომ საჭიროა განათლების სისტემის რეფორმა. სტუდენტების მსგავსად აქციებს შეუერთდნენ სკოლის მოსწავლეებიც, რის საპასუხოდაც 16 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი მასწავლებლებს დაემუქრა, რომ ისინი დაისჯებოდნენ თუ ბავშვებთან პოლიტიკაზე ისაუბრებდნენ.

"მე მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე და ამის შემდეგ ჩვენ, პირადად მე ვიყავი ინიციატორი ამის, სრულად არის აღჭურვილი აჭარის განათლების სამინისტრო, ჩაატაროს სკოლებში ინსპექტირება და ის ხალხი, ვინც არღვევს ზოგადი განათლების შესახებ კანონს და თითისტოლა ბავშვებს პოლიტიკაზე ესაუბრება, უნდა დაისაჯოს თავისთავად" – აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მგალობლიშვილის ამ განცხადებას მასწავლებლებსა და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა შორის გამოხმაურება მოჰყვა. პედაგოგი მარნეულიდან თემურ სუყაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ის მოსწავლეებს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე ესაუბრება, უკითხავს კონსტიტუციას, აჩვენებს კანონებს, საერთაშორისო დოკუმენტებს და საარჩევნო სისტემაზეც ესაუბრება.

რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველო კარგავს ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. დასავლელი პარტნიორებისაგან საქართველოს, მათ შორის განათლების სისტემას, ბევრი სარგებელი მიუღია. მარნეულელი პედაგოგები იხსნებენ თუ რა სარგებელი მიიღეს წლების განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისაგან და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროპისაკენ. სასკოლო განათლების გაუმჯობესებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში 100 000 000 დოლარი აქვს დახარჯული, რომლითაც საქრთველოს მასშაბით სკოლების რეაბილიტაცია და დასავლური სტანდარტების სასწავლო დაწესებულებების გახსნა გახდა შესაძლებელი, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში ორენოვანი წიგნების განვითარებისათვსი USAID-მა 298 000 დოლარი დახარჯა.


იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება მიიღებს ე.წ გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომელსაც საზოგადოებამ რუსული კანონი უწოდა, რადგან მისი ანალოგი კანონი მიღებულია რუსეთში რომლის იმპლემენტაციამ მიიყვანა რუსეთის საზოგადოება იქამდე რომ კრიტიკული აზრის მქონე მოსახლება, ჩვეულებრივი სკოლის მასწავლებლიდან დაწყებული და კინო თუ თეატრის რეჟისორებით დამთავრებული, აღმოჩნდნენ ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში.
ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისაგან და ართმევს შესაძლებლობას გააგრძელოს ევროპელი გადამხდელების თანხებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ რომ ისინი „ღირსებით“ მიდიან ევროპაში და არავინ უნდა ჩაერიოს საქართველოს სუვერენიტეტში. „ოცნება“ ასევე ცდილობს „გააშოვოს“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და ქართველი ხალხის პროტესტი უკრაინაში „მაიდანს“ შეადაროს. მათი ნარატივის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა „მაიდანმა“ გამოიწვია, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები კი საქართველოში რუსეთის შემოჭრის მიზეზი გახდება.


საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსული კანონისათვის ვეტოს დადების შემდეგაც „ოცნება“ გეგმავს მაინც მიიღოს კანონი და არ აქცევს ყურადღებას ვენეციის კომისიის დასკვნას, ევროპარლამენტარების და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების მოწოდებასა და აშშ-ს მიერ შეთავაზებულ მხარდაჭერის აქტს MEGOBARI. აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება: Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act, ანუ „ანგარიშვალდებულების, მედეგობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“. აქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა საქართველოსთან მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტს მოაწეროს ხელი, რომელიც ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და მოგზაურობის მიმართულებებს შეეხება.

„ამ კანონის უფრო მსუბუქი ვარიანტიც კი გაუქმებული აქვს უნგრეთისთვის ევროკავშირის სასამართლოს. ვიცით, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და ევროკავშირის ღირებულებეს. ასეთი შეუსაბამო კანონით ჩვენ ევროკავშირში ფიზიკურად ვერ გავწევრიანდებით და უკვე ვხედავთ, რომ ევროპარლამენტმა და სხვა სტრუქტურებმაც მოუწოდეს ევროკომისიას რომ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯის, მოლაპარაკებების გახსნა არა დაიწყოს, არამედ უკვე მოცემული კანდიდატის სტატუსიც კი დააყენოს ეჭვქვეშ და იფიქროს სტატუსის გაუქმებაზე“. - აცხადებს სისხლის სამართლის იურისტი საბა ბრაჭველი

ეს კანონი შეეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს - აცხადებს ის და განმარტავს რომ ისეთი სიკეთეები, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოს აღარ ექნება.


რუსული კანონი არ არის ამოჩემება! ე.წ გამჭვირვალობის კანონი, რომლის მიღებასაც ცდილობს ქართული ოცნება, ხელს უწყობს მმართველ პარტიას გააქროს კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი და ოპოზიასთან აპელირებული მედია, არჩევნების ჩატარების დროს გააქროს დამოუკიდებელი დამკვირვებლები.
კანონში ჩაწერილი კონტროლის მექანიზმები მიყურადების ლეგალიზაციას, ორგანიზაციების შემოწმებას და დასმენებსაც ითვალისწინებს.

კანონით, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, ორგანიზაციებს ევალებათ იმ ანგარიშების ჩაბარება, რასაც ისინი უკვე წლები აბარებენ სახელმწიფოს. კანონის მთავარი მიზანი დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციებისათვის „აგენტის“ იარლიყის მიწებება და მათი სამართლებრივი შეზღუდვაა. კანონში არაა ჩამკეტი მექანიზმები - არ წერია თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფოსაგან შემოსულ დაფინანსებას შეეხება ის და არაა აღნიშნული ორგანიზაციების მიზანი - რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება კანონს ყველა ორგანიზაციაზე გაავრცელებს. მესამე მოსმენით მიღებულ კანონში ცვლილებებიც კი შევიდა, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებსაც ეხება კანონი და არა მარტო ორგანიზაციებს. სწორედ ამიტომაა კანონი რუსული, რადგან ის ატარებს რუსულ სულისკვეთებას და აშორებს საქართველოს ევროპისა და ამერიკისაგან.

რუსული კანონის ინიცირებამ გამოიწვია მოქალაქეების პროტესტი, რამაც ისინი პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე, გამოიყვანა. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - არ მიიღოს პარლამენტმა რუსული კანონი. მოქალაქეების პროტესტის მიუხედვად „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღებას და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვლას, სამოქალაქო სექტორის, დამოუკიდებელი მედიების და მოქალაქეების პროტესტი კი რუსული კანონის გაუქმებამდე არ დასრულდება.

რადიო „მარენული“
ავტორი: თიკო დავაძე, ვლადიმერ ჩხიტუნიძე , ამილ მამედოვი

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები