ევროპის ქვეყნების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ყიდდნენ – 2 პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა - ბრალდებულები დანაშაულში ჩათულ სხვა პირებთან ერთად ევროპული სახელმწიფოების ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოს მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

"პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

უწყებამ დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით". - წერია განცხადებაში.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები