წალკის კომისარიატიდან მამაჩემი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს - ზაზა მიქელაძე
სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მიქელაძე აცხადებს, რომ მამამისი, თამაზ მიქელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სამხედრო კომისარიატიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ზაზა მიქელაძე აცხადებს, რომ მამამისი 2007 წლიდან მუშაობდა წალკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, რომელიც მერიის შემადგენლობაში არსებული სამსახური იყო. გასულ წელს დაიწყო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურები თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა.

„როცა რეფორმები დაიწყო, თითქოს
გასაუბრებათა პროცესიც დაიწყო თანამშრომლებისა. მას და კიდევ ერთ თანამშრომელს, რომლებიც ოპოზიციური შეხედულებებით გამოირჩეოდა, მხოლოდ ამ ორ ადამიანს, რომელთაც ფაქტობრივად კონკურენტი არ ჰყავდათ, ორივე მათგანი გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს იმ მოტივით, რომ თითქოსდა ამ ეტაპზე გასაუბრებამ წარმატებით ვერ ჩაიარა, მაგრამ სხვა ყველა მსგავსი გასაუბრების შემდეგ, ყველა ადამიანი, რომელმაც იგივე ხარისხში, ან უარესად გაიარა გასაუბრება, მათ ხელშეკრულება გაუფორმეს“.


ზაზა მიქელაძე აცხადებს, რომ ოჯახისათვის - კულუარებიდან და არა მარტო - ცნობილი იყო, რომ თამაზ მიქელაძეს წალკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის კომისარიატში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ექნებოდა.

„ჩვენთვის ცნობილი იყო, კულუარულად და არა მხოლოდ, რომ ის თუ არ გაჩუმდებოდა ის გათავისუფლდებოდა და საბოლოოდ, დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ არც ერთ შემთხვევაში აღარ გაუგრძელდება მას ხელშეკრულება და ის გაათავისუფლეს“. - აცხადებს ზაზა მიქელაძე

სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, მამამისის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად მისი შვილის ოპოზიციურ ფლანგზე აქტივობაც სახელდებოდა.

„ბოლო წლების განმავლობაში ის არ მალავდა საჯაროდ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, განსაკუთრებით ინტენსიური შარშან, რუსული კანონის ინიციირების შემდეგ გახდა, და ახლა კიდევ უფრო მეტად, რუსული კანონის შემობრუნების შემდეგ, დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ამ დამოკიდებულების კულტივაცია. ის რომ ეს პროცესი დღეს დაწყებული არაა აშკარაა, თუმცა კულმინაცია რუსული კანონის მიმართ პროტესტმა განაპირობა“. - აცხადებს ზაზა მიქელაძე

რადიო „მარნეული“ უკავშირდება წალკის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროს, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

დღეს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს. კანონის განხილვების ფონზე საქართველოს პარლამენტთან არ წყდება საპროტესტო აქცია.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები