FT: ევროპის რამდენიმე ქვეყანა რუსული კანონის გამო სანქციების განხილვას მოითხოვს
Financial Time წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა რუსული კანონის გამო საქართველოსთვის სანქციების დაწესების განხილვას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

„საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უგულებელყო გაფრთხილებები ბრიუსელიდან და რამდენიმეთვიანი ქუჩის პროტესტები და გააგრძელა რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსი საკამათო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიებსა და უფლებადამცველ ჯგუფებს მთავრობასთან რეგისტრირებას ავალდებულებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

მედია წერს,
რომ მომავალ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ ინიციატივის ირგვლივ დისკუსიებს უხელმძღვანელებენ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი. FT-ს ორი წყარო ეუბნება, რომ სადისკუსიო ვარიანტები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, პერსონალურ სანქციებსა და ევროკავშირის დაფინანსებების გაყინვას.

გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნები მთავრობაზე ზეწოლის მიზნით სხვადასხვა შემზღუდავ ზომებსაც განიხილავენ.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები