სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა – ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას
არ აძლევს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოში „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ეს მოქმედებები აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

დღეს ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველო ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ-მ მზად არის გადადგას დამატებითი ნაბიჯები […].

კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ. ეს ახლა არ არის სწორი შეკითხვა, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გადავხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში და რომლებმაც დემოკრატიის შელახვის მიზნით განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი მოქმედებების სერიაში”,
– განაცხადა მილერმა.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა.

„როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, როგორ ახშობდნენ და თრგუნავდნენ განსხვავებულ აზრს. ეს ეხება განცხადებებს, რომელსაც მათი ლიდერები აკეთებდნენ და რომლებიც მიუთითებდა გზაზე, რომელსაც საქართველო დიდი ხანია, დაადგა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”, – ამბობს მეთიუ მილერი.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები