პაველ ჰერჩინსკი - შედეგების განხილვა დავიწყეთ: ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს - საქართველოს მოქალაქეები არ უნდა დავსაჯოთ
[განიხილება] ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების საპასუხო ზომებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერება არ უნდა მოხდეს, თუმცა ელჩი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება 27 წევრზეა დამოკიდებული.

“როგორც ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს: “უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის” კანონი თუ იქნება მიღებული - სამწუხაროდ, ამას შედეგები ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის.

ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ იქნა ამოქმედებული. ჩვენ, 27 წევრ სახელმწიფოს შორის, შიდა განხილვა დავიწყეთ შედეგებზე. წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს, სხვადასხვა ზომების “მენიუ” მოამზადონ, რომლებიც როგორც შედეგები, შეიძლება იქნას წარდგენილი.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტისგან ურსულა ფონ დერ ლაიენისგან გაიგეთ, ყველა ვარიანტი განიხილება. ყველა ვარიანტი ზუსტადაც ყველა ვარიანტს ნიშნავს. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროპული საბჭო რამდენიმე დღის მერე, ივნისის ბოლოს, ასევე განიხილავს საქართველოს საკითხს. ასე რომ, მოველი, რომ ლიდერებიც განიხილავენ ვარიანტებს და ამის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ.

ჩვენი მხრივ, თუ რისი მიღწევა გვსურს, ნამდვილად არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დავსაჯოთ. ასე რომ, ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ისეთ პოზიციაში არ ვარ, რომ გითხრათ ეს მოხდება თუ არა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული”,
- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩისკის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხო ზომების “ვარიანტების დოკუმენტს“ ლუქსებურგში 24 ივნისს განიხილავენ.

მისი თქმით, ევროკავშირი შეეცდება რიგით მოქალაქეებს არ გადაახდევინოს კანონის მიღების საფასური.

“ამ მომენტში ევროკავშირის ინსტიტუტები “ვარიანტების დოკუმენტზე“ მუშაობენ, რომელშიც სხვადასხვა ზომაა აღნიშნული, რაც შეიძლება პოტენციურად იქნას მიღებული, როგორც “უცხოური გავლენის” კანონზე პასუხი. დოკუმენტი მალე იქნება, გაუზიარდება წევრ სახელმწიფოებს, წევრი სახელმწიფოები შეხვედრას გამართავენ 24 ივნისს ლუქსემბურგში. უკვე შეთანხმდა, რომ საქართველო განხილულ იქნება, წევრი სახელმწიფოები საკუთარ მოსაზრებებს გააჟღერებენ “ვარიანტების დოკუმენტიდან“ სხვადასხვა ზომებზე.ზოგიერთი ზომა შესაძლოა თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმა მიიღონ, სხვა ზომებს წევრი სახელმწიფოების თანხმობა სჭირდება - ზოგიერთ ამ ზომას წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა სჭირდება, დანარჩენებს სრული კონსენსუსი - რომ ყველა წევრი სახელმწიფო ეთანხმებოდეს. ვნახავთ, თუ როგორი დისკუსია იქნება 24 ივნისს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაუყოვნებლივ იქნება გამოცხადებული შეხვედრის შემდეგ უმაღლესი წარმომადგენლის [ჟოზეფ ბორელის] მიერ. ამ მომენტისთვის, მე არ ვარ იმ პოზიციაში ვსპეკულირებდე თუ რა ზომები იქნება მიღებული და რა ზომები არ იქნება მიღებული.რისი თქმაც მსურს არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რიგითი მოქალაქეები არ დავსაჯოთ, რიგით ქართველებს არ გადავახდევინოთ საფასური “უცხოური გავლენის” კანონის მიღებისთვის”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები