„ალტ ინფო“ არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიით მიიღებს – მახარაძე
პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით მიიღებენ.

ამის შესახებ მან „ალტ ინფოს“ ეთერში ისაუბრა.

როგორც მახარაძე აცხადებს, „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკებები მიდის სხვა „კონსერვატიულ ძალებთანაც“, რათა საპარლამენტო არჩევნებისთვის „დიდ ეროვნული ერთობაზე“ შეთანხმება მოხდეს.

„ერთადერთი
შანსი, რომ ჩვენ მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, იყო პარტია, რომლის გაუქმებაც მათ არ შეუძლიათ. დღეს ასეთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურადაც არის თანხვედრაც და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც ახლა არის საპარლამენტო პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი გამოეყო და ცალკეა, იურიდიულად საპარლამენტო პარტიაა და არაფრის შეგროვება არ სჭირდება, არც ხელმოწერები. უკვე იღებს არჩევნებში მონაწილეობას და მისი დაბლოკვაც შეუძლებელია.

ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. მათი ხედვაც არის, რომ დიდი ეროვნული ერთობა უნდა შედგეს. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ჩვენ და მათ შორის ფუნდამენტური და პრინციპული შეთანხმება უკვე შედგა. დეტალებზე მიდის მუშაობა. სხვა კონსერვატიულ ძალებთანაც მიდის მუშაობა.

ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში და მარტო ჩვენ არა. კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის მეშვეობით ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს არჩევნებზე მონაწილეობას“,
– განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები