$60 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

12 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8646 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0156 ლარით მეტია.

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთანაც თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ ოფიციალური კურსით 3.0763 ლარი
შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0179 ლარით მეტია.

ლარის კურსმა გაუფასურება მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის შემობრუნების გამო მასობრივი აქციები გაიმართა.

გაუფასურების პარალელურად, ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები