ზურაბიშვილი განმარტავს, რაზე სურს რეფერენდუმის ჩატარება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს საკუთარ შეთავაზებას რეფერენდუმთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი მიზანი კონსტიტუციის გამეორება არაა.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით უკვე გაწერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რეფერენდუმზე კი უნდა დაისვას კითხვა „ქართული ქარტიის“ შესახებ, როგორც სამოქმედო გეგმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად:

„რეფერენდუმი არ არის იმისთვის, რომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია. კონსტიტუციამ დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს
გზა. რეფერენდუმმა უნდა კითხვა დასვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ ქართული ქარტია არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ეს ევროპული მომავალი.

ეს არის ერთგვარი ვარჯიში, წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ ეს სარეფერენდუმო კამპანია რეგიონებში და ავუხსნათ, რა არის ქარტია — ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ ევროპულ გზაზე, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში და ამას არაფერი შეცვლის.

გუშინ, 11 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა და მათ კითხვებს უპასუხა.

რაც შეეხება შეთავაზებას რეფერენდუმზე, რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, ენერგია 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიემართათ.

ზურაბიშვილმა სწორედ აქციაზე შეკრებილებთან გაახმიანა პირველად ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები