მინისტრმა პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა წლის ბოლომდე დააანონსა
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წლის ბოლომდე პედაგოგთა კარიერული განვითარების ახალი სქემის შექმნა დააანონსა. პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენების წარდგენისას ამილახვარმა თქვა, რომ არსებული სქემა საჭიროებს განახლებას და დახვეწას.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები შევა კარიერული განვითარების ახალ სქემაში. თუმცა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება პედაგოგთა სტატუსები და ანაზღაურებაც კვლავ სტატუსზე იქნება დამოკიდებული.

მინისტრი ირწმუნება, რომ კომისიაში, რომელიც შესაბამის სქემას დაამუშავებს, პროფკავშირები და “ყველა ჯანსაღი დაინტერესებული მხარე” მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ამილახვარს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს “ჯანსაღ დაინტერესებულ მხარეში”, ან იმავე ლოგიკით, ვინ არიან ისეთი დაინტერესებული მხარეები, ვის აზრსაც ახალი სქემის შექმნისას არ გაითვალისწინებს.

“მასწავლებლებთან დაკავშირებული პროცესების ანალიზმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ დღეს არსებული კარიერული განვითარების სქემა საჭიროებს განვითარებას, გადახედვას და უფრო დახვეწას და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირდაპირ გვინდა ჩვენს ღირსეულ პედაგოგებს გამოვუცხადოთ ნდობა და
შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება მივცეთ ყველას, სტატუსის მიუხედავად.

რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და სტატუსებს შორის ხელფასების სხვაობაც. თუმცა ჩვენ გვინდა ყველას მივცეთ ღირსეული ხელფასი და პარალელურად, ვიზრუნოთ ახალი კარიერული განვითარების სქემის ჩამოყალიბებაზე, მის განვითარებაზე.

წლის ბოლომდე ჩვენს პედაგოგებს გაუმჯობესებულ, განახლებულ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით და სტანდარტებით აპრობირებულ კარიერული განვითარების სქემას შევთავაზებთ”,
– განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კარიერული განვითარების მოქმედი სქემა პედაგოგებს ოთხ ჯგუფად ყოფს: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. მასწავლებელთა ანაზღაურება მათ სტატუსზეა დამოკიდებული. მასწავლებლები ვალდებული არიან, წლის განმავლობაში განახორციელონ გარკვეული აქტივობები, რათა შეინარჩუნონ არსებული სტატუსი, ან გადავიდნენ კარიერული განვითარების მომდევნო საფეხურზე.

არსებული სქემის პრობლემურობაზე მუდმივად საუბრობენ პედაგოგები. რამდენიმე თვის წინ სქემა შეაფასა სახალხო დამცველმაც. უფრო კონკრეტულად, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა სქემის პროდუქტიულობა არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

“განსაკუთრებით აქტუალურად იკვეთება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სირთულე, რაც პრაქტიკოსი მასწავლებლების კატეგორიიდან მათ ამორიცხვას და მასწავლებლის სტატუსის ჩამორთმევას გამოიწვევს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ამ საკითხის შესწავლა, თავის მხრივ, უწყებას 500-მდე მასწავლებელმა მიმართა, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ან სექტორებში ასწავლიან.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები