დროულად გამოიძიეთ ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები- ევროკავშირის მოწოდება საქართველოს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერი განცხადებას ავრცელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები.

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს
მცდარი განცხადებებისგან.

“ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც შეიძლება მეტად გაამწვავოს ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია.

ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ განცხადებულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.

მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ”,
– აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-სპიკერის განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები