ბორელი: თუ საქართველოს მთავრობამ ასე გააგრძელა, ევროკავშირის კარი დაიხურება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა ქვეყნების საბჭოს სხდომაზე მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

საქმე ეხება რუსულ კანონს და იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა.

„ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა. მაგრამ თუ
მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს, იმის კეთებას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის შედეგებს იმით, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება და გაუქმდება კიდეც. ჩვენ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დაწყების წინ.

მისივე თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა „საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება”.


„რადიო თავისუფლების” პრაჟის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ხანმოკლე შეზღუდვები მოიცავს დაფინანსების შეწყვეტას, ხოლო სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების შემთხვევაში, განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც.

კერძოდ, იოზვიაკის ინფორმაციით, სავარაუდო ვარიანტები ასეთია:
  • მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების დროებით შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება;
  • სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტებისთვის, სამხედრო/ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტა;
  • სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები