„სუფთა მარნეულის“ და „მარნეულის სოფწყალის“ შენობის მშენებლობისთვის ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის ბალანსზე არსებული კომპანიების „მარნეულის სოფწყალისა“ და „სუფთა მარნეულისათვის“ ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველი ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს გლობალ სერვისმა მიიღო, რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 2 324 818 ლარად შესთავაზა. მიუხედავად შეთავაზებისა, მერიამ ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა.

„სატენდერო კომისიამ ერთხმად აიღო გეზი შესაბამისის სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურის შეწყვეტის მიმართულებით, რათა დაცული იყოს მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ლეგიტიმური ორგანიზაციული ინტერესები, რამეთუ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაზე დაყრდნობითაც გამოცხადდა უწინ ეს ელექტრონული ტენდერი ცალსახად და დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ არის ხარვეზიანი და მოითხოვს კორექტირება-გასრულფასოვნებას, რომ შემდგომში დაზღვეული ვიყოთ ყველანაირი ნეგატიური ხასიათის/შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებისათვის რაიმე დამაზარალებელი ექსცესისა და მოვლენისაგან“ - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში

„სუფთა მარნეულისა“ და „მარნეულის სოფწყალის“ საქმიანობისათვის საჭირო შენობების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის 2 504 112 ლარის ღირებულების ტენდერი განმეორებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ 12 ოქტომბერს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიებისათვის ახალ შენობას ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ააშენებენ. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს მუნიციპალური ავტობაზა მდებარეობს, სადაც მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტია გაჩერებული.

„კომპლექსი შედგება ექვსი შენბობა-ნაგებობისაგან:
შენობა N1 ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენს, რომელიც 4 სართულიანი შენობა-ნაგებობაა მაღალი პარაპეტით და ბრტყელი გადახურვით, სახურავის სართულზე მოწყობილია საქვაბე.
შენობა მორგებულია შშმ პირებისათვის, რაც გამოიხატება გარე შესასვლელში მოწყობილი პანდუსით და ინტერიერში კიბის უჯრედში მოწყობილი ლიფტით. თითოეული სართული გათვლილია სხვადასხვა მენეჯმენტისათვის. შენობას აქვს გარე სახანძრო კიბე, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა ერთგვარად პარადიულია და ფაქტობრივად შენობის ვიზუალსაც განსაზღვრავს“
. - აღნიშნულია სამშენებლო პროექტის აღწერაში

ადმინისტრაციულ შენობასთან ერთად იგეგმება დაცვის ჯიხურის, საწყობის, ბოქსების, სამრეცხაოსა და სატუმბოს მშენებლობაც.

განმეორებით ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 29 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google