მარადისში წელს პირველი „მინდვრის დღე“ გაიმართა

სოფელ მარადისში, 2024 წელს, პირველი „მინდვრის დღე“ გაიმართა.

მინდვრის დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე სპეციალისტებმა ფერმერებს აჩვენეს ჩითილის წარმოების ტექნოლოგიები და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ, სასათბურე კონსტრუქცია და საირიგაციო სისტემა ჩითილების საწარმოში, ჩითილის გადარგვა და გადარგვის დროს გასათვალისწინებელი საკითხები და კომბოსტოსნაირების კვალსათბურში წარმოება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ორგანიზაცია CENN-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ოფიცერმა სანდრო გუჯაბიძემ განაცხადა, რომ CENN-ი სოფელ მარადისში არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთში „მინდვრის დღეებს“ უკვე მესამე წელია ატარებს.

„იგეგმება, რომ წელს ჩავატაროთ კიდევ რამდენიმე, ასეთი, ღონისძიება. ეს ნაკვეთი მოწყობილია პროექტის “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI”-ს ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ქალთა კოოპერატივი, რომელიც შედგება 10 ფერმერისგან. ეს ბაზა, ეს სათბური, სადაც ჩითილების წარმოება მიმდინარეობს, სწორედ ამ კოოპერატივს ეკუთვნის და მათ უკვე დაიწყეს ამ ჩითილების კომერციული წარმოება. პროექტის მიზანია, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს შემოსავლების ზრდას გარემოსადმი მეგობრული სოფლის მეურნეობის დანერგვის გზით. სადემონსტრაციო ნაკვეთის გარდა, პროექტი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, ჩამოყალიბდა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი, ასევე ვმუშაობთ ახალგაზრდებთან და მთავარი მიზანია, რომ ფერმერები გახდნენ უფრო მეტად მედეგი იმ ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც კლიმატის ცვლილების გამოა მოსალოდნელი“. - განაცხადა სანდრო გუჯაბიძემ

კოოპერატივ „მწვანე მარადისს“ გამოჰყავს სხვადასხვა ჯიშის ჩითილები და მუშაობს სოფლის მეურნეობის მხრივ. ფერმერი ნაირა ბოლქვაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში ფერმერებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოიყვანონ სწორად ჩითილები, როგორ უნდა გამოიყენონ სასუქები და არ არის ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში, ახლა კი მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სხვა ფერმერებსაც უზიარებენ.

„მარნეულში არის ეს პრობლემა, რომ არასწორად იყენებენ სასუქებს და შხამ-ქიმიკატებს და მე პირადად ეს ძალიან მაწუხებს იმიტომ, რომ მეწარმე ქალი ვარ და არ მინდა რომ არაჯანსაღი მოსავალი მოვიყვანოთ. სწორედ ეს მინდვრის დღეები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მიღებული ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ ფერმერებს. მე მეამაყება, რომ სოფელ მარადისში ქალებმა უკვე ისწავლეს ძალიან ბევრი რამე და სწორად მოჰყავთ სოფლის მეურნეობა. ახლაც არიან ძალიან ბევრი მსურველები, ვინც სურვილს გამოთქვამს მინდვრის დღეებზე დასწრების. სწავლობენ და თავის მეურნეობაში ახორციელებენ ამა თუ იმ პრაქტიკებს. ისედაც გვირეკავენ და გვეკითხებიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ შხამ-ქიმიკატები სწორად, როგორ დაიცვან დღეები რომლებიც განსაზღვრულია, მაგალითად შხამ-ქიმიკატების შემდეგ რამდენ დღეში უნდა დაიკრიფოს მოსავალი და ეს ძალიან მახარებს“. - განაცხადა ნაირა ბოლქვაძემ

„მინდვრის დღე“ ორგანიზებულია “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google