ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში ქონება და კომპანიები დამალა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით მარნეულის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახა უძრავი ქონება და არ მიუთითა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, ვასილ ხახულაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში სამი სახის დარღვევა გამოვლინდა.

„დარღვევა I: ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა:

შპს აი გაზი - 25%
შპს აი გაზი+ - 50%
შპს გაზი 555 - 49%
შპს გაზი 555+ - 49%
დარღვევა II: ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა.

დარღვევა III: ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 20-20,000 ლარი შესწირეს“.
- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში

ორგანიზაცია მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს და მოითხოვს შეისწავლონ ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google