მერია მაღალაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენას მოსახლეობას მომავალი კვირიდან ჰპირდება
მარნეულში მაღალაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 20 დეკემბერს არ აღდგა. ადგილობრივი თვითმმართველობა მიზეზად დეკემბრის თვის უამინდობას ასახელებს და გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ხიდის რეაბილიტაცია და სავალი ნაწილის გახსნა მომავალი კვირიდან იგეგმება.

„დეკემბრის თვეში უამინდობის გამო, შეფერხდა ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის გამოც წინასწარ განსაზღვრულ თარიღში ვერ მოხდა ხიდის გახსნა. გაცნობებთ,
რომ სამუშაოები ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა, ეწყობა ხიდის სავალი ნაწილი, რომელზეც მომავალი კვირიდან აღდგება საავტომობილო მოძრაობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქში შექმნილი საცობების განსამუხტად, საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ რკინიგზის ხაზზე ალტერნატიული სამანქანო გადასასვლელი მოეწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის!“
- წერს მარნეულის მერია.

მაღალაშვილის ხიდი 30 ნოემბერს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო დაკეტეს. მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობამ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საავტომობილო მოძრაობას 20 დეკემბერს აღადგენდნენ.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. სამუშაოები ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print E-mail
FaceBook Twitter Google