პროპორციული საარჩევნო სისტემა
საქართველოს კონსტიტუციიის შესაბამისად ხელისუფლების წყარო არის ხალხი. რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიული საზოგადოებაში ხელისუფლების ფორმირება ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით ხდება.
არჩევნების დიდი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ სწორედ არჩევნების მეშვეობით მონაწილეობს ხალხი ხელისუფლების განხორციელებაში. ასეთი მონაწილეობა ხდება ხმის მიცემის მეშვეობით, რითაც საარჩევნო სისტემები საშუალებას აძლევს მრავალ ადამიანს, ისარგებლონ რეალური პოლიტიკური ძალაუფლებით. საარჩევნო სისტემების საშუალებით, წყდება საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მართოს და გარკვეულ შემთხვევაში, რა უნდა აკეთოს მთავრობამ.
საარჩევნო უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით:
მუხლი 24. საარჩევნო უფლება
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საარჩევნო უფლება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების უფლებაა. რადგან, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების უფლებაა გადაწყვიტონ მათი ქვეყნის მაართველობის საკითხები.
საარჩევნო უფლება ხორციელდება ორი გზით: პასიური საარჩევნო უფლება და აქტიური საარჩევნო უფლება.
აქტიური საარჩევნო უფლება, ესაა პირის საერთო საარჩევნო უფლება, რომლის საფუძველზე იგი ხმას აძლევს, ირჩევს თავის სასურველ კანდიდატს სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. საქართველოში აქტიური ხმის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს.
პასიური საარჩევნო უფლება არის პირის უფლება არჩეულ იქნას, ან თანხმობა განაცხადოს სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად მონაწილეობაზე. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი და საქართველოში უცხოვრია არა ნაკლებ 10 წლისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც უკანასკნელი ორი წლის მანძილზე არ უცხოვრია საქართველოში.

სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების სხვადასხვა სისტემა მოქმედებს. თუ რა საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნები ქვეყანაში ეს ყოველი ქვეყნის ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხია. თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის შერეული-მაჟორიტარული და პროპორციული. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პარლამენტი შედგება 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. აღნიშნული სისტემა ძალაშია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხოლო მას შემდეგ საქართველოში მთლიანად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება. რაც გულისხმობს, რომ პარლამენტის 150-ივე დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა.

დაახლოებით 30 წელია საქართველოში წარმოებს საუბრები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ეს საუბრები განპირობებულია იმიტ, რომ შერეული სისტემა, მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით, ერთ პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას აძლევს დაბალი პროპორციული (პარტიული) მხარდაჭერის მიუხედავად პარლამენტში დიდი უმრავლესობა მიიღოს და სახელისუფლებო ძალაუფლება ერთ პოლიტიკურ პარტიის ხელში იქნეს მობილიზებული. რაც შემდგომ, დემოკრატიულ პროცესებს აზიანებს ჩვენს ქვეყანაში.

ამიტომ, 2019 წელს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მანიფესტანდების მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენ არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე. ხელისუფლების შემოთავაზება იყო სრულად პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით. მიუხედავად ამ დაპირებისა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს საჭიროებდა, საქართველოს პარლამენტში რამდენიმეთვიანი მზადების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები ჩავარდა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ნიშნავს და რა დადებითი მხარეები აქვს ჩვენს ქვეყანაში არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას.

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში მასში მონაწილეობენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიას ვინ სურს, რომ მისი სახელით წარმოდგენილი იყოს პარლამენტში. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ანუ ერთი კონკრეტული პირის, როგორც პარლამენტის დეპუტატის მხარდაჭერას, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ასეთ არჩევანს აღარ ითვალისწინებს.

პარტიებს შორის საპარლამენტო მანდატები ნაწილდება მათ მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად. შესაბამისად, პარტიებიც პარლამენტში მხოლოდ იმ მოცულობით არიან წარმოდგენილები, რა მხარდაჭერაც აქვთ მათ რეალურად ამომრჩეველში.

ხმათა დათვლისა და მანდატების განაწილების სხვადასხვა სისტემა არსებობს. ეს სისტემებიც ქვეყნის ტერიტორიულ და საარჩევნო ოლქების მოწყობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს და მის განულებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაში, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა გულისხმობს შემდეგს: საარჩევნო ბარიერი გულისხმობს ხმათა მინიმალურ პროცენტულ რაოდენობას, რომლის მიღების შემთხვევაშიც, პარტიას აქვს შესაძლებლობა გადაინაწილოს მადატები პარლამენტში. ამ მინიმალურ ხმათა მიუღებლობის შემთხვევაში პარტია ეთიშება არჩევნებს.
ნულოვანი ბარიერი გულისხმობს ყველაზე მინიმალურ პროცენტულ ზღვარს პარლამენტის ერთი მანდატისთვის. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით გამოინგარიშება რამდენი ხმა სჭირდება 150 ადგილიან პარლამენტში ერთ მანდატს. შესაბამისად ეს იქნება მინიმალური ბარიერი, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში. ნულოვანი ბარიერი ახალისებს მრავალპარტიულობას პარლამენტში, თუმცა აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. ბევრი სხვადასხვა შეხედულების პარტიული წარმომადგენლობის შემთხვევაში ძირითადად რთულდება გადაწყვეტილებებზე შეჯერება და მათი მიღება. თუმცა, იგულისხმება, რომ მრავალპარტიული პარლამენტი და გადაწყვეტილების მიღებისთვის ბევრი მსჯელობა და განსხვავებულ აზრთა გაზიარება საბოლოოდ დემოკრატიულ პროცესს წარმოადგენს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google