სოფლის მეურნეობის პროდუქტის, სურსათის წარმოებისა და ექსპორტის წესები და შესაბამისი რეგულაციები
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მართვის სტრუქტურა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს საზღვარზე სურსათის უვნებლობის კონტროლს. საბაჟო დეპარტამენტში კი არსებობს სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო.

საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტვირთის შემოტანისას რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გაუგზავნოს შემოსატანი ტვირთის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის შემოტანა:

ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე;
ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე;
გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.

წინასწარი შეტყობინება უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმპორტის ნებართვის ან ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ან ტვირთის თანმხლები სხვა დოკუმენტის არსებობის შესახებ (გაცემის თარიღი, გამცემი ორგანოს სრული დასახელება), აგრეთვე, საქონლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას.

თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ ზომებს:

• მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე დაისმება ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: ,,საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია’’;
• შესაძლებელია დაექვემდებაროს დამუშავებას, დახარისხებას, შეფუთვის შეცვლას ან გადამუშავებას, თუ აღნიშნული ქმედება გამორიცხავს გამოვლენილ რისკს;
• შეჩერება – სათანადო დასაბუთების არსებობისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა და­მატებით დოკუმენტების წარდგენა (საჭირო დოკუმენტების წარდგენისათვის პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა), დაკვირვება და გამოკვლევა ან შემდგომი ინსპექტირება, ანალიზი და დამუშავება. ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: „ექვემდებარება შეჩერებას“ და კონტროლის ობიექტი გადაადგილდება საკარანტინო სადგომზე;
• განადგურება – იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის მფლობელის დადგენა ან იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა.
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით განსაზღვრულ ფუნქციებს სააგენტოში ახორციელებს: სურსათის დეპარტამენტი და სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტი.

არსებობს ორი სახის შეუსაბამობა: არაკრიტიკული და კრიტიკული.
ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწარმოო პროცესი ექვემდებარება შეჩერებას შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს ეძლევა გონივრული ვადა შეუსაბამობების გამოსასაწორებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ხდება ბიზნესოპერატორის გადამოწმება.

მონიტორინგი სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მონიტორინგი, რომლის დროსაც ხდება პროდუქტის უვნებლობის მაჩვენებლებზე შემოწმება ნიმუშის აღების გზით.

გარდა ნიმუშის აღებისა, მონიტორინგის სპეციალისტები ატარებენ ბიზნეს ოპერატორის დოკუმენტურ შემოწმებას, რეაგირებენ მომხმარებლისგან შემოსულ საჩივრებზე და ზედამხედველობას უწევენ ვადაგასული სურსათის განადგურებას. დოკუმენტური შემოწმების დროს მიმდინარეობს პროდუქტის ვარგისიანობის ვადების დადგენა და ეტიკეტის შემოწმება.

სურსათის ეტიკეტირება:

ახალი რეგულაციის მიხედვით, ამა თუ იმ პროდუქტის ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ქართულენოვანი ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. ეს მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები.

ეტიკეტზე სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ ცნობა მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებსა თუ მინერალური ნივთიერებების რაოდენობის შესახებ. დასაშვებია კვებითი ღირებულება არ მიეთითოს ბალახოვანი მცენარეების, სუნელებისა და სანელებლების, ყავის, ჩაისა და ხილის ნაყენის, ძმრის, სუფრის მარილისა და საღეჭი რეზინის, საკვები ფერმენტების, საკვებდანამატებისა და არომატიზატორების შემთხვევაში. ამავე რეგულაციის მიხედვით, დაუშვებელია სურსათს ისეთი თვისებები მიეკუთვნოს, ან რაიმე სახით მიენიშნოს მისი მოხმარებისას ისეთი ზეგავლენის შესახებ, რომელიც სინამდვილეში მას არ ახასიათებს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი ეტიკეტზე შრიფტის ზომასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, ეს ინგრედიენტი ჩამონათვალში შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით უნდა გამოირჩეოდეს.

სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად, მკვიდრდება ახალი ტერმინები: „ვარგისიანობის მინიმალური ვადა”, „გამოიყენება…მდე ვადა“ და სურსათის „გაყინვის თარიღი“. განისაზღვრება სურსათის ნეტოს (სურსათის წონა შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.

რა სანქციები ემუქრებათ ბიზნესოპერატორებს?

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 200 ლარით, სხვა ბიზნესოპერატორი - 400 ლარით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, 600- ლარიანი ჯარიმით დაისჯება.
გარდა ამისა, ამავე კანონის (741-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები) შესაბამისად, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება 200 ლარით, სხვა ბიზნესოპერატორი - 400 ლარით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში - 600 ლარით.

რადიო "მარნეული"

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google