იცით თუ არა რას ნიშნავს მარნეულის გერბზე დატანილი სიმბოლოები
სამი ლომი, სამი მთა, ციხესიმაგრე და ხიდი - ეს ის სიმბოლიკებია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბზეა გამოსახული.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა ჰერალდიკის სპეციალისტ დავით კლდიაშვილს, რომელმაც განმარტა, თუ რას ნიშნავს მარნეულის გერბზე დატანილი სიმბოლოები. მისი განცხადებით, ზოგადად გერბებზე დატანილია იმ ტერიტორიების დამახასიათებელი ნიშნები რისთვისაც გერბია შექმნილი.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გერბს ზევიდან ქვემოთ რომ მოვყვეთ თუ დააკვირდებით იქ არის გამოსახული
სამი ლომი, მის ქვემოთ სამი რკალი რომაა, ესაა მთის აღმნიშნველი სიმბოლო. ისტორიულად, ვახუშტი ბაგრატიონსაც უწერია, მარნეულში და მის მიდამოებში იყო ესეთი სახელწოდების ადგილი „ლომთაგორა“, ზუსტად ესაა აღნიშნული გერბზე. ჰერალდიკაში ასეთი რკალებით გამოისახება გორა და სამი იმიტომაა, რომ ლომთაა და არა ერთი. ლომის გორა არაა, არამედ ლომთა გორაა. ჰერალდიკაშიც ასეა, ან იქნება ფიგურა ერთი ან იქნება სამი და ამიტომაა გამოსახული სამი ლომი. ახლა, რაც შეეხება ქვევით, აქაა გამოსახული ხიდი. ხიდი არის ზოგადად ურთიერთობების, კავშირების სიმბოლო. ეს კავშირი შეიძლება იყოს ხალხთა შორის, სხვადასხვა საზოგადოებებს შორის, ქვეყნებს შორის, ქალაქებს შორის თუ ა.შ. აქ იგულისხმება კულტურული კავშირიც, ეკონომიკური კავშირიც. რაც შეეხება იმას, რომ ხიდი არის წითელი ფერის, ვიცით რომ მარნეულში არის „წითელი ხიდი“ და სწორედ ამიტომაა გერბზე გამოსახული ხიდიც წითელი ფერის. ასეთი განმარტება აქვს მარნეულის გერბს. ერთ მთლიანობაში არის აღსაქმელი სამი ლომი და გორები, რომელიც მოდის ლომთა გორიდან და ქვევით არის ხიდი, რომელიც არის კავშირების და ურთიერთოებების ნიშანი“.
- განაცხადა დავით კლდიაშვილმა

ჰერალდიკის სპეციალისტის განმარტებით, გერბებზე გამოსახულ ფერებს სხვადასხვა დატვირთვა და მნიშნველობა აქვს. ფერები უნდა იყოს გამოსახული ტრადიციული ფერების შესაბამისად.

ქართლის სადროშოში იყო წითელი ფერი. სულ იყო ოთხი სადროშო და თითოეულს თავთავისი ფერი აქვს. როგორც ჩანს, წითელი ფერის დროშის სადროშოში შედიოდა ეს ტერიოტორია და ამიტომაა წითელი ფერი გამოყენებული, თუმცა ხიდთან დაკავშირებით ბუნებრივია ეს „წითელი ხიდიდან“ გამომდინარეობს და ამიტომაა წითელი ფერი არჩეული“.

გერბის თავზე გამოსახულია ციხე სიმაგრე, რომელიც ქალაქის მანიშნებელი გვირგვინია. დავით კლდიაშვილის განმარტებით, ეს აჩვენებს, რომ გერბი ეკუთვნის ქალაქს და არა ვინმე პიროვნებას. რაც შეეხება კოშკების რაოდენობას, ჰერალდიკის სპეციალისტის განცხადებით, ეს აჩვენებს ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მასშტაბებს. მისივე თქმით, ვინაიდან საქართველოში ქალაქების უმრავლესობა ერთნაირი სიდიდისაა, თუ არ ჩავთვლით თბილის, ქუთაისსა და ბათუმს, გერბებზე გამოსახული კოშკურების რაოდენობაც ყველა მუნიციპალიტეტში თითქმის ერთნაირია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები