რა განაპირობებს გაუცხოებას ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის - კვლევა
დღეს, 23 იანვარს, მარნეულში კვლევის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებეის კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორებმა საზოგადოებას გააცნეს ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა. პროექტის მკვლევარისა და ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისათვის“ თავმჯდომარის ნატალია ცაგარელის თქმით, კვლევის მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესწავლა იყო.

„კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა 2022 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტში ახალგაზრდული საჭიროებეის გათვალისწინება რამდენად პასუხობდა ახალგაზრდების
საჭიროებებს რეალურად და თვითონ ბიუჯეტის შედგენის პროცესშიც რამდენად იყო ჩართული ახალგაზრდობა და რამდენად ისმოდა მათი ხმა, მათი საჭიროებები. რაც შეეხება მიგნებებს, ცხადია საჭიროა რომ ახალგაზრდების მხარდაჭმჭერი საბიუჯეტო სახსრები გაიზარდოს რადგან საჭიროებები ბევრად მეტია ვიდრე ამჟამადაა შესაძლებლობა მათი დაკმაყოფილების. არის საკითხები, რაც აწუხებთ ახალგაზრდებს და ამჟამად, სამწუხაროდ, ბიუჯეტის ფინანსური მხარე ვერ ფარავს მათ“.

ნატალია ცაგარელის განმარტებით, სასურველია გაიზარდოს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის მხრიდან. მისივე თქვმით, მართალია მარნეულში არსებობდა ახალგაზრდული საბჭო, მაგრამ მისი ფუნქციონირება იყო ნომინალური და შესაბამისად ახალგაზრდების ხმა მუნიციპალიტეტამდე ვერ მიდის.

„უნდა ითქვას, რომ ამაში გარკვეული წვლილი თავად მუნიციპალიტეტსაც აქვს ვინაიდან რესპოდენტების ნაწილმა ხაზი გაუსვეს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან არაა მზადყოფნა საკმარისი ჩართულობის, არც ინფორმირებულობის ხარისხია მაღალი და ეს ყველაფერი განაპირობებს გაუცხოებას ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის“.

გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს:

• ახალგაზრდების საჭიროებისთვის გათვალისწინებული ხარჯები წარმოადგენდა მარნეულის 2022 წლის ერთიანი ბიუჯეტის მხოლოდ 0,215%-ს;
• ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებულ აქტივობებს ნაწილობრივ მოიცავს კულტურული და სპორტული აქტივობების პროგრამებიც, თუმცა გოგოების მონაწილეობა მინიმალურია;
• ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მხოლოდ სამი მიმართულების მხარდაჭერა, როგორიცაა სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსება, წარმატებულივ სტუდენტებისთვის მერის ჯილდოს გათვალისწინება და ახალგაზრდული იდეების კონკურსი, თუმცა ზოგადად ახალგაზრდების საჭიროებები მნიშვნელოვნად სცდება აღნიშნულ კომპონენტებს და ბევრად უფრო ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი;
• ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში არ არის სრულყოფილად უზრუნველყოფილი დიალოგი ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან;
• თვითმმართველობის ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია, ხშირია განცხადებებზე პასუხების დაგვიანება, არ არის წახალისებული მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მონაწილეობა ანგარიშების განხილვასა და საკრებულოს თუ მისი კომისიის სხდომებში, არ ხდება ბიუჯეტის საჯარო განხილვის ორგანიზება, საკრებულოს წევრების მხრიდან ანგარიშების წარდგენა და მოსახლეობის ჩართვა ანგარიშის განხილვაში;
• ახალგაზრდების აქტიურობა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ახალგაზრდებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი არ აქვთ და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი მოსაზრებები და წინადადებები თვითმმართველობის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს;
• რესპონდეტების უმრავლესობა თანაბრად არ აფასებს ეთნიკური უმცირესობებითა და ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლების განვითარების შესაძლებლობებს. მათი განმარტებით, ქართულ სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული მოწყობა, თუ სერვისების ხელმისაწვდომობა სხვა სოფლებში არსებულ ვითარებაზე ბევრად უკეთესია;
• მარნეულის მუნიციაპლიტეტის სკოლები, ძირითადად ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სრულფასოვნად სწავლებას ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს უშლის მათ შემდგომი განათლების მიღების ეტაპზე და ხელს უწყობს უმცირესობათაწარმომადგენლების იზოლაციას და ართულებს მათი ინტეგრაციის საკითხს;
• ახალგაზრდების წინაშე არსებულ პრიორიტეტებს შორის გამოიკვეთა ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სივრცეებისა და ბიბლიოთეკების მოწყობა, სკვერების, კინო თეატრებისა და სათემო ცენტრების ხელმისავწდომობა რეგიონის სხვადასხვა სოფელში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით სხვა რეგიონებთან გაცვლითი ბანაკებისა და არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა, საბავშვო ბაღების ფუნქციონირება, სპორტული წრეების ხელმისავწდომობა ყველა სოფელში, სპორტის სახეობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მორგება გოგოების საჭიროებებზე;
• ქალები, მათ შორის ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად მასშტაბურია, ქალებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკა თვითმმართველობის ორგანოების პრიორიტეტებში ვერ ხვდება და მათი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე ნაკლებად აღწევს;
• აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისასალმებელია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზების ხარჯების ზრდა 2023 წლის ბიუჯეტში, რაც გარკვეულ წილად ემსახურება ახალგაზრდების ინტერესს და ახალი სპორტული მოედნებისა და კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფით ხელს უწყობს ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღ წესსა და კულტურულ აქტივობებში ჩართულობას;
• მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2023 წელს სპორტის სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, 82%-ით გაიზარდა.

კვლევა განხორციელდა პროექტის „მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის (PFP)" მიერ "სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის ცენტრთან (CEAC)" თანამშრომლობით, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები