მარნეულელი ახალგაზრდების „დამუხრუჭებული“ შესაძლებლობა
გულგუნი, თეა და ედგარი მარნეულელი ახალგაზრდები არიან. სამი სხვადასხვა თემის წარმომადგენელ ახალგაზრდას მუნიციპალიტეტში საერთო გამოწვევები აქვთ.

გულგუნისთვის საკმარისის არაა სივრცეები სოფელში, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, საკუთარ აზრს ერთმანეთს გაუზიარებენ, განვითარდებიან... თეას არ აქვს სივრცე მარნეულში იმისათვის რომ უნივერსიტეტის შემდგომ მეგობრებთან ერთად გაერთოს, ისწავლოს ან უბრალოდ თავისუფალი დრო გაატაროს, ედგარს კი სურს, რომ მარნეულში იყოს ადგილი სა
დაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად და ღიად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, იდეების გაზიარებას და საერთო პრობლემების მოგვარებისათვის სამომავლო გეგმების დასახვას.

„მე ვარ 20 წლის და უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ, მაგრამ წელს პირველად მოვხვდი აუდიტორიაში, რადგან ონლაინსწავლება სააუდიტორიო რეჟიმზე გადავიდა. მინდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავდება ონლაინ და სააუდიტორიო სწავლება ერთმანეთისაგან და ახლა მართლაც მაქვს შეგრძნება, რომ სტუდენტი ვარ. მარნეულის და თბილისის სტუდენტური ცხოვრება რომ შევადაროთ ვნახავთ, რომ ძალიან განსხვავებულია და ძალიან ცოტა საერთო აქვს. მაგალითად, თბილისს თუ ავიღებთ ძალიან განვითარებულია იმ კუთხით რომ ძალიან ბევრი ადგილია სადაც შეუძლია სტუდენტს, დამღლელი ლექციების და სემინარების შემდგე, დღის მეორე ნაწილი გაატაროს. ძალიან ბევრი პარკია კეთილმოწყობილი სადაც სხვადასხვა აქტივობით შეიძლება დაკავდე, მარნეულში ეს ძალიან, ძალიან ნაკლებად გვაქვს. თბილისში ძალიან ბევრი კაფეებია სადაც კარგი კერძების გარდა არის კარგი სივრცეებიც, სადაც შეგიძლია წაიკითხო წიგნი, იმუშაო დისტანციურად, ისწავლო... ძალიან ცოტა ასეთი ადგილი გვაქვს მარნეულში. მე პირადად მარნეულიდან დავდივარ უნივერსიტეტში და თბილისში ძალიან დიდ დროს ვატარებ მსგავს კაფეებში, სადაც ვმეცადინეობ, დროს ვატარებ მეგობრებთან ერთად, მაგრამ მარნეულშ არ მეგულება ისეთი ადგილი, სადაც სემინარიდან დაბრუნების შემდეგ შემეძლება მისვლა და რამდენიმე საათით ვიმეცადინო, ან განვიტვირთო. მარნეულში ახალგაზრდებისათვის თითქმის არაფერია“. - გვეუბნება თეა შველიძე

20 წლის თეა აცხადებს, რომ მარნეულში თბილისთან შედარებით არაა სივრცეები სადაც ახალგაზრდებს დროის გატარება შეეძლებათ. მეორეს მხრივ კი 24 წლის გულგუნი ამბობს, რომ ახალგაზრდებისათვის სივრცეები სოფლებში საერთოდ არ არსებობს.

„სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რადგან სოფელში არ არსებობს სივრცეები სადაც ახალგაზრდები თავისუფალ დროს გაატარებენ. სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად რჩებიან არაფორმალური განათლების გარეშე, რადგან ზოგ სოფელში არსებობს ტრანსპორტის პრობლემაც და ვერ მიდიან ცენტრში ამ პროექტებში ჩასართავად, ზოგს კი ფინანსური პრობლემა აქვს და ეს, რა თქმა უნდა პრობლემაა. სოფელში რომ იყოს სივრცეები, მაშინ დარწმუნებული ვარ რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო განვითარდნენ“. - ამბობს გულგუნ მამედხანლი

„საჭიროა მარნეულში ისეთი სივრცეები სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან და გარკვეულ პროექტებზე იმუშავებენ. კი, არის ბიბლიოთეკა, მაგრამ ის მხოლოდ სამკითხველოდ შეიძლება გამოიყენო. უნდა იყოს სივრცე სადაც შეგიძლია თავისუფლად მიხვიდე, შენი ლეპტოპი მიიტანო და იმუშავო. სივრცეების ნაკლებობა მართლაც დიდი პრობლემაა, მაგრამ მე ვთვლი, რომ მარნეულელი ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა და პრობლემა საჯარო ტრანსპორტის გაუართაობაა. ძირითადი გამოწვევა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამოწვევაა, რადგან სტუდენტები ვერ ახერხებენ საღამოს საათებში თბილისიდან მარნეულში დაბრუნებას. ძირითადი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი ტრანსპორტის პრობლემაზე, რადგან ტრანსპორტი ძალიან ბევრ შეზღუდვებს ქმნის. ის, რომ მაგალითად გიწევს თბილისიდან ადრე წამოსვლა, აქედანაც ადრე წასვლა და ტრანსპორტისთვის განკუთვნილი არამიზნობრივი დრო ძალიან ბევრს გართმევს და შესაბამისად შენ ვერ განსაზღვრავ დღის გრაფიკს. ზოგ სტუდენტს უწევს თბილისში დარჩენა და ახლა კიდევ როდესაც გაძვირებულია ბინების ქირის ფასი ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის მათთვის“. - აცხადებს ედგარ მაზმანიანი

ედგარ მაზმანიანი აცხადებს, რომ ტრანსპორტის პრობლემა ართულებს სტუდენტთა შორის ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან მარნეულელ ახალგაზრდებს ლექციების შემდგომ მაშინვე სახლში დაბრუნება უწევთ, რის გამოც არ აქვთ შესაძლებლობა კურსელებთან ერთად სხვადახვა აქტივობებით დაკავდნენ. ედგარის მსგავსად მარნეულიდან დადის უნივერსიტეტში ილიაუნის მესამე კურსის სტუდენტი თეა შველიძეც. თეას გადაადგილების მხრივ ბევრი პრობლემა არ ექმნება, რადგან მისი სოფელი ქალაქ მარნეულიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, იხსენებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც საღამოს საათებში საჯარო ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

„ჩემს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მარნეულელი სტუდენტია. არა მხოლოდ ქართველი, არამედ აზერბაიჯანელებიც, სომხებიც და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებიც. ამ ბავშვებთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი და ამბობენ, რომ უჭირთ ტრანსპორტით დროულად მისვლა აუდიტორიაში. ესეც იმიტომ, რომ სოფლებში ტრანსპორტირების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩამოვსულვარ ქალაქში და სოფლის მარშუტკას ვერ გამოვყოლილვარ იმიტომ, რომ ან ლექცია დამიმთავრდა გვიან, ან სემინარი დამიმთავრდა გვიან და ვერ მოვასწარი გამოყოლა. 7 საათის შემდეგ ფიზიკურად ვერ გამოყვები სახლამდე ვერაფერს. ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ორგანოები უნდა ითვალისწინებდნენ იმას, რომ მაგალითად ჩემს უნივერსიტეტში ზოგიერთი ლექციამთავრდება საღამოს 8-9 საათზე და წარმოიდგინეთ, 9 საათზე რომ სტუდნეტი ამთავრებს ლექციას რომელიც სოფელში უნდა ჩამოვიდეს, ჯერ როგორ უნდა ჩამოვიდეს თბილისიდან მარნეულამდე და თუ ჩამოვიდა მარნეულში მაშინ როგორ უნდა მივიდეს სახლამდე, სოფლამდე. ერთადერთი გამოსავალი ტაქსი რჩება. ჯერ მარტო 5 საათზე რომ გავყვე ჩემს სახლამდე ტაქსს 10 ლარადაც არ ჩამიყვანენ და საღამოს საათებში კი ფასები უფრო მეტად ძვირდება. მე ხშირად არ მექმნება ხოლმე ტრანსპორტის პრობლემა, რადგან ვცდილობ დროულად გამოვიდე ხოლმე უნივერსიტეტიდან, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებ ძალიან დიდი პრობლემა ხდება რომ საღამოს საათებში სახლამდე მოვიდე“. - თეა შველიძე

თეას და ედგარის მსგავსად ტრანსპორტირების პრობლემა აწუხებს გულგუნსაც. ამბობს, რომ მის სოფელში მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს, მაგრამ თეას მსგავსად საღამოს საათებში სახლში დაბრუნება ძალიან ძნელდება, რადგან ტრანსპორტი მხოლოდ 6 საათამდე მოძრაობს. გულგუნის თქმით, ტრანსპორტირებასთან მიმართები მასზე დიდი პრობლემები ექმენა მის მეგობარს, რომელიც სოფელ ბაითალოში ცხოვრობს, რადგან იქ მუნიციპალური ტრანსპორტიც არ მოძრაობს.

სტუდენტების მგზავრობის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვთ მარნეულის მერიაშიც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა, რომ პანდემიის დაწყებამდე, 2020 წელს, ადგილობრივ თვითმმართველობას მოლაპარაკებები ჰქონდა საქართველოს რკინიგზასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რათა შემუშავებულიყო სტუდენტთა მგზავრობის ერთიანი მიდგომა. დეკანოიძის განმარტებით, ამ მიმართულებით სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა რაც უნივერსიტეტები სწავლების
ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. ცალკეულად ახალგაზდობის მხარდაჭერის მიმართულებით მარნეულის მერიას 2023 წელს 110 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პროგრამის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალგაზრდების განვითარების მხარდამჭერი და ინსტიტუციონალურად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას უზრუნველყოფს.

„პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგია არაფორმალური განათლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას და თანაბარი შესაძლებლობები. საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი“ შესაბამისად გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და აქტიური ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად;
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი“ და „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“ შესაბამისად, სტუდენტებს წახალისების მიზნით, გადაეცემათ მერის ჯილდო და თვითმმართველობის მიერ მოხდება აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების უზრუნველყოფა“.
- აღნიშნულია 2023 წლის ბიუჯეტში

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით თანხები რამდენიმე კომპონენტშია გამოყოფილი. გაზრდილია მარნეულის კულტურის ცენტრისა და მარნეულის სპორტული სკოლის დაფინანსება. აღნიშნული ორგანიზაციები ძირითადად ახალგაზრდული მიმართულებებით მუშაობენ და სხვადასხვა სახელოვნებო თუ სპორტულ წრეებს მართავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები