მარნეულში ხიდის გახსნამდე მანქანებისთვის ალტერნატიულ გზას აკეთებენ
მარნეულში, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ ალტერნატიული სამანქანო გადასასვლელი ეწყობა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამბობს, გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით, მარნეულში გადატვირთული მოძრაობის გამო მიიღეს.

„ჩვენ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შევათანხმეთ ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალურ ხიდზე სამუშაოები მიმდინარეობს და ამან შექმნა საცობები, ჩვენ გადავწყვიტეთ ალტერნატიული გზები მოგვენახა. სამუშაოები უკვე სრულდება. ხიდის ქვემოთ ტერიტორიიდან პირდაპირ გადავლენ ჟორდანიას
ქუჩაზე მანქანები. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საცობები თითქმის მოიხსნება ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან და ხიდის ქვეშ. ეს იქნება მანემდე, ვიდრე ხიდი არ აღდგება. აქ დამონტაჟდება ნიშნები უსაფრთხოების, დადგება ადამიანი, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული და ხვალიდან უკვე მოქმედებაში შევა, ხვალიდან გაიხსნება“
- თქვა ამირან გიორგაძემ.

მაღალაშვილის ხიდი 30 ნოემბერს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 20 დღით დაიკეტა.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. სამუშაოები ხუთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები